27 პუნქტიანი ბრალდებები თბილისის მერს - ირაკლი აბესაძე ნარმანიას ორწლიან საქმიანობას აჯამებს

27 პუნქტიანი ბრალდებები თბილისის მერს - ირაკლი აბესაძე ნარმანიას ორწლიან საქმიანობას აჯამებს

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე თბილისის მერის, დავით ნარმანიას ორწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აბესაძე იმ პრობლემებს ასახელებს, რომლებიც ნარმანიას არჩევის შემდეგ წარმოიქმნა.

"ინტერპრესნიუსი" აბესაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დავით ნარმანია 2 წლისაა: 1. ფაცი-ფუცი; 2. საზამთროს გამყიდველისთვის ქრთამად გამორთმეული 300 ლარი; 3. ჯიხურის გამყიდველთან "წილში ჩაჯდომა"; 4. დასაქმების სანაცვლოდ აღებული 3000 ევრო ქრთამი; 5. სოციალურად დაუცველი რაიონის პროკურორისთვის ჩარიცხული 5000 ლარი; 6. ქონების გაყიდვის, მშენებლობის ნებართვის აღების, მშენებლობაზე ზედამხედველობის საკითხების მოგვარების სანაცვლოდ მერიის არაერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ პირდაპირ სამუშაო კაბინეტებში აღებული ასეულობით ათასი ლარი ქრთამი;

7. თვითნებურად გადათხრილი გზები; 8. რესტორანში უდოკუმენტოდ დახარჯული 60 000 ლარი; 9. თოვლის ბაბუა საჩუქრების გარეშე; 10. "ფუტკრის პროდუქტების" ჯიხურის საზეიმო გახსნა თბილისის მთავრობის მონაწილეობით და მეორე დღეს გამქრალი "ქარხანა"; 11. ფაქტობრივად უსასყიდლოდ გასხვისებული ბოტანიკური ბაღისა და მიმდებარე სარეკრეაციო ტერიტორიები; 12. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ბაგა-ბაღებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების ასეულობით კვალიფიციური თანამშრომელი; 13."მარგიშვილის" ცენტრში გაფლანგული ასეულობით ათასი ლარი, რომელიც მოსახლეობის დასაქმებას უნდა მოხმარებოდა; 14. მილიონი გამხმარი ხე; 15. "პანორამა თბილისი" - უპრინციპობას შეწირული ქალაქის ისტორიული ცენტრი; 16.უფასო სასადილოში დარიგებული გაფუჭებული ქათმები;

17. ახლად დაგებული უკვე გაფუჭებული გზები; 18. დასაქმებული არაკვალიფიციური ნათესავები; 19. შრომითი ხელშეკრულებით მერის პიარისთვის აყვანილი 2 თანამშრომლისთვის ყოველთვიურად გადახდილი 11 000 ლარი; 20.კომუნალური ვაუჩერის გარეშე დატოვებული ასიათასობით სოციალურად გაჭირვებული თბილისელი; 21. უტენდეროდ დახარჯული (გაფლანგული) ასეულობით მილიონი ლარი; 22. მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება (ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი) - მოწვეული 48 მერი და არც ერთი ჩამოსული სტუმრად;

23. თბილისის ბიუჯეტით მოსყიდული პროკურატურის მოწმეები (ტარიელ ხიზანეიშვილი და სხვები); 24. ორი წლის განმავლობაში დახარჯული 1.5 მილიარდ ლარზე მეტი და ათასობით მოუგვარებელი პრობლემა თბილისის ქუჩებში;

25. ივანიშვილისთვის უარგუმენტოდ გაუქმებული 100 000 000 ინვესტიციის ვალდებულება ვაკეში, "ქართუ ჯგუფის" ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე; 26. სუს-ის პირდაპირი მმართველობა მერიაში; 27. საკუთარი უსუსურობის, არაკვალიფიციურობის, არსებული სისტემური კორუფციის გამო მოუგვარებელი პრობლემების მუდმივად სხვებზე გადაბრალება.

ეს "ქართული ოცნების" და თბილისელებისგან დამალული თბილისის მერის დავით ნარმანიას ორწლიანი მუშაობის მოკლე ანოტაციაა.

აი რატომ არათუ არ გვარდება ელემენტარული პრობლემებიც კი, არამედ ემატება ახალი თავსატკივარი თბილისელებს.

სამწუხაროდ, ეს ჩამონათვალი უსასრულოდ გაგრძელდება, სანამ "ქართული ოცნება" მხოლოდ პირად ოცნებებს და ახირებებს ისრულებს", - აცხადებს აბესაძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."