გიორგი მარგველაშვილი ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს

გიორგი მარგველაშვილი ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლის გასააქტიურებლად ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს. როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, ეს კამპანია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი, არამედ მიმართული იქნება იმისკენ, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდეს.

"ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილება არის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი და განმსაზღვრელი არის ამომრჩევლის აქტიურობა. ხვალიდან ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გასააქტიურებლად. ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია. ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია და სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურება მინდა. ჩვენ გვინდა გამოვიყვანოთ ამომრჩეველი, მან გააკეთოს არჩევანი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, მივიდეს საარჩევნო ყუთთან. რიგები საარჩევნო ყუთებთან არის გარანტია ქართული დემოკრატიის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მარგველაშვილის შეფასებით, 2016 წლის არჩევნებს ვერანაირად შეადარებ 2012 წლის არჩევნებს. "ახლა არის თვისობრივად უკეთესი საარჩევნო გარემო. კორცხელთან დაკავშირებით, რომელზეც არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მაწუხებს არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ სამართალდარღვევაზე რეაგირება. 2012 წელს კორცხელი იყო ყოველდღე. მუდმივად ხდებოდა მედიის შეზღუდვა, მუდმივად ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, რაც სამწუხაროდ მაშინ პოლიტიკოსებში იყო. მედია დღეს ბევრად უფრო თავისუფალია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მოწოდებული იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად, 2016 წლის არჩევნებში კი ამომრჩეველი ირჩევს "არა ვიღაცის შესაცვლელად, არამედ ვიღაცის ასარჩევად".

"ჩვენ ვიყავით გაერთიანებულები ვიღაცის შესაცვლელად. ეს ადეკვატურიც იყო, რადგან საჭირო იყო დიდი ეფექტური გაერთიანება თავისი ლიდერით. წელს აღარ გვაქვს არჩევნები ვიღაცის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც თავის საარჩევნო პოზიციაზე დგას და ეს არ არის ორპოლუსიანი არჩევნები. აქ მარტო "ქართული ოცნება" და "ნაციონალები" აღარ ებრძვიან ერთმანეთს. აქ არის "ქართული ოცნება", რომელსაც სერიოზული შესაძლებლობები აქვს, აქ არის "ნაციონალური მოძრაობა", აქ არიან სხვა პარტიები - "თავისუფალი დემოკრატები", ბურჭულაძის პარტია. მოთამაშეები გვაძლევენ საშუალებას ავირჩიო რომელია ჩემთვის მისაღები, შევხედო როგორ ისაუბრებენ კონკრეტულ თემატიკაზე, რას გვეტყვიან საგარეო პოლიტიკურ კურსზე. ჩვენ ვირჩევთ არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ - ვიღაცას. ამომრჩეველი პასიურია, სირთულეებია, მაგრამ ეს არის ევროპული პოლიტიკური გარემო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."