ორი ირაკლი, ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი - გორში მაჟორიტარობისთვის ალასანიას ოქრუაშვილი დაუპირისპირდება

ორი ირაკლი, ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი - გორში მაჟორიტარობისთვის ალასანიას ოქრუაშვილი დაუპირისპირდება

"წინასწარ ვიზიარებ ირაკლი ალასანიას მწუხარებას, იმიტომ რომ დამარცხებისთვის არის განწირული" - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომელიც ქალაქ გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

მისივე განმარტებით, ალასანიას, რომელიც ასევე ქალაქ გორში იყრის კენჭს, კონკურენტად ვერ აღიქვამს.

"ირაკლი ალასანიას მე კონკურენტად ვერ აღვიქვამ. არა იმის გამო, რომ არ მიმაჩნია მძიმეწონიან ფიგურად, არამედ იმის გამო, რომ ზოგადად არ ვიცი, რა დგას მისი ამ გადაწყვეტილების უკან. წარმატებები მინდა ვუსურვო, მაგრამ წინასწარ ვიზიარებ მწუხარებას, რომ დამარცხებისთვის არის განწირული", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქალაქ გორში სხვა პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი დასახელება პოლიტიკური ძალების მიერ გორისადმი "უდიერ დამოკიდებულებაზე" მეტყველებს.

"დაახლოებით 1 საათის წინ საინიციატივო ჯგუფმა წარმადგინა ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატად და მე ეს წინადადება მივიღე. ჩემს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმე მიზეზი. პირველი ის, რომ ეს ქალაქი ჩემთვის არის ძალიან ახლობელი, მშობლიური და მეორე ის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა მის მიერ წარდგენილი კანდიდატებით გამოხატა გარკვეული უდიერი დამოკიდებულება გორისადმი. თუ თვალს გადაავლებთ პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, დაინახავთ, რომ მათ არც გამოცდილებით, პროფესიით, ცოდნით არაფერი საერთო არ აქვთ პარლამენტარიზმთან, პარლამენტის წევრის სტატუსთან და მათ არაფერი სასიკეთოს მოტანა გორისთვის არ შეუძლიათ", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

ამასთან, ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, ერთ-ერთი უმთავრესი დაბრკოლება, რომელიც ქალაქში აღმოაჩინა, არის სტერეოტიპი, რომ სწავლას, განათლებას, პატიოსნებას და შრომას არავითარი ფასი არ აქვს და ფასი აქვს მხოლოდ ფულს.

"ესაა სტერეოტიპი, რომელიც ჩემი მთავარი კონკურენტი იქნება ამ არჩევნებში. მე ვაპირებ, რომ ეს სტერეოტიპი დავამსხვრიო, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ამ სტერეოტიპს ამკვიდრებს", - განმარტა ოქრუაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."