საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაშია ნათქვამი, მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომ განიხილონ აღნიშნული საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.

"მოგეხსენებათ, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყოს დრო, რომელიც ამ სუბიექტებს შორის თანაბრად განაწილდება.

აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად: მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს უფასო პოლიტიკური რეკლამის დათმობისთვის მომართა (საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულმა) პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ცენტრისტები" და წარმოადგინა წინასაარჩევნო რეკლამა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კანონით დადგენილი წესით რეკლამა განათავსა პირველი არხის ეთერში. დამატებით გვინდა განვმარტოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გასული არც ერთი პოლიტიკური რეკლამის შინაარსი არ გამოხატავს მაუწყებლის პოზიციას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, აჩერებს პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტები" წინასაარჩევნო რეკლამას, რადგან მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას", - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."