"ნაციონალები" "ცენტრისტების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს "ოცნებისგან" დამოუკიდებლად, ცალკე სარჩელით მიმართავენ

"ნაციონალები" "ცენტრისტების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს "ოცნებისგან" დამოუკიდებლად, ცალკე სარჩელით მიმართავენ

"ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს პერიოდში პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

სერგი კაპანაძე პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო კლიპს გამოეხმაურა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის პარტიის არსებობა და მათი მხრიდან მსგავსი შინაარსის კლიპის გაშვება საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და ხელს უწყობს საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებას.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ კლიპთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქცია იყო სწორი და მისასალმებელი.

"ვეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების და კლიპის შინაარსი არის ანტიკონსტიტუციური. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, შესაძლებელია დღესვე, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში 30 დეპუტატის მეშვეობით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება იქნას გამოცხადებული არაკონსტიტუციურად. მთავარი ამ ყველაფერში არის სულ სხვა რამ. მთავარია - როგორ მოვედით აქამდე და რამ შეუწყო ხელი ასეთი ტიპის განვითარებებს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში. მინდა ყველას გავახსენო თუ რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს. დღევანდელი ხელისუფლება დიდწილად უმადლის ბატონ ბედუკაძეს, რომ მოიგეს 2012 წლის არჩევნები. ამის მერე მათ ბედუკაძე აქციეს პრაქტიკულად გმირად. ის არამარტო გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის წამება და სასტიკი მოპყრობა, არამედ ამის მერე ყველანაირ პატივში ჰყავთ. მას ჰყავს სახელმწიფო დაცვა. ის არის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მფლობელი. მან ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მოახერხა ის, რომ ეს პარტია - „ცენტრისტები" გახდა საყოველთაო საუბრის საგანი მეორე, ანალოგიურად ოდიოზურ ინდივიდ ბატონ ხაჩიშვილთან ერთად", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით ბედუკაძე დღესაც ფინანსდება ხელისუფლების მხრიდან. "გუშინდელი მისი აღიარება არის ყველაფრის დამაგვირგვინებელი, როდესაც თავად განაცხადა, რომ ბატონი ივანიშვილი არის ერთადერთი, რომელსაც ის უსმენს", - აღნიშნა კაპანაძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გუშინ „ცენტრისტებთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების შეშფოთება არის ცინიკური და ორპირობა.

როგორც ცნობილია, "ცენტრისტების" რეგისტრაციიდან გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ინიციატივით გუშინ მმართველი გუნდიც გამოვიდა. ამ მიზნით ის დეპუტატების 1/5-ის ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."