"სანდრა ღომს გააკეთებს, "დიდოუ ნანას" იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!"

"სანდრა ღომს გააკეთებს, "დიდოუ ნანას" იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!"

"დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია, პრაქტიკულად, ერთადერთი იყო, ვინც სამეგრელოში ახალაიების კლანსა და, საერთოდ, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს ებრძოდა 2014 წელს, "ოცნების" სიით, ზუგდიდის საკრებულოს წევრი გახდა, თუმცა საკრებულოდან მალევე გარიცხეს... რატომ თვლის, რომ "ოცნების" სამეგრელოს ორგანიზაცია "ნაცებითაა" სავსე, რატომ უყვართ სამეგრელოში მიშა, რა შანსები აქვს სანდრა რულოვსს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში - ამ და სხვა თემებზე კახა მიქაია გაზეთ "ვერსიას" ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს:

- ნაცებმა ახალაია, როგორც შიშის არქიტექტორი, როგორ იპოვეს?

- ძალიან მარტივად: ახალაია მიშას დედის მეგობარი იყო. სხვათა შორის, მიშამ როლანდ ახალაიას "ღირსეული შვილების აღმზრდელი" უწოდა და კომუნისტებიდან "ნაციონალებამდე", ასე ვთქვათ გატარებული ღირსეული პროკურორობისთვის ღირსების ორდენი მისცა.

- ბატონო კახა, თუ მხარდამჭერები არ ეყოლებოდათ, მხოლოდ მამა-შვილი ახალაიები და იგივე მეგის ქარდავა, ვერაფერს გახდებოდნენ...

- რა თქმა უნდა, მათ სამეგრელოში მხარდამჭერები ახლაც ჰყავთ. მეტიც, ნაციონალების მხარდამჭერთა რაოდენობა "ქართული ოცნების" კოჰაბიტაციური პოლიტიკის გამო, არ შემცირებულა და ყოფილ მმართველ პარტიას სამეგრელოში სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს.

- ამბობენ, რომ მიშას ხალხი ერთმანეთსაც არ ინდობდა...

- დიახ, ნაციონალებსაც ეშინოდათ ანუ როლანდ ახალაიამ სამეგრელოში შიშზე დაფუძნებული ხელისუფლება შექმნა.

- ნაციონალების მხარდამჭერებს ახალაიების დღესაც ეშინიათ?

- ის, რაც დღეს არსებობს, შიში კი არა, სიყვარულია და ისინი მიშას ჩამოსვლას ელოდებიან!

- ბატონო კახა, ლოდინი იქით იყოს და, ადამიანებს, რომლებსაც სამეგრელოში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, მოძალადეები რატომ უყვართ?

- გრიგოლ რობაქიძე კითხულობს, ქართველი ბოლშევიკი ვინააო და იქვე პასუხობს, ქართველი ბოლშევიკი ის ქალწულია, რომელიც გააუპატიურეს და რომელსაც გამაუპატიურებელი შეუყვარდაო.

- ანუ, სამეგრელოს მიშა იმიტომ უყვარს, რომ გააპუტიურა?

- შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ასე გამოდის. მაქვს ინფორმაცია, რომ "ოცნების" შიდა კვლევებით, სამეგრელოში ნაცმოძრაობას "ოცნებაზე" მაღალი რეიტინგი აქვს და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?

- ბატონო კახა, 8 ოქტომბერს სამეგრელოში რა მოხდება - "ოცნება" არჩევნებს მოიგებს?

- არ ვიმარჩიელებ... კორცხელის ამბავი ხომ გახსოვთ? საზოგადოებას "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ამირან ლაგვილავას ნაცმოძრაობის წევრობის მანდატი ვაჩვენე. ეს პოლიტიკური ანომალიაა და მეტი არაფერი! დღეს სამეგრელოში "ქართულ ოცნებას" თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობა აკონტროლებს! ყოველ შემთხვევაში, ნაციონალებმა იციან "ოცნებაში" რა ხდება.

- ბატონო კახა, ამბობენ, სამეგრელოს რომელიმე რაიონში, მაგალითად, ზუგდიდში ნაცების მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნებაო. ყოფილმა პირველმა ლედიმ კენჭი მართლა რომ იყაროს, მოიგებს?

- სანდრას გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს!..

- მაშასადამე, მეგრელებს სანდრა "ევასებათ"?

- კი... ღომს გააკეთებს, ერთხელ "დიდოუ ნანას" იმღერებს და გაიმარჯვებს, რაც ძალიან არ მინდა...

ვანო პავლიაშვილი

გაზეთი "ვერსია"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."