"ქართული ოცნება" არის თინეიჯერი, რომელსაც ბირჟაზე დგომისა და "სემიჩკის" ფურთხების მეტი არაფერი უკეთებია... ივანიშვილი კი იქცევა როგორც კლასიკური ქართველი მამა"

"ქართული ოცნება" არის თინეიჯერი, რომელსაც ბირჟაზე დგომისა და "სემიჩკის" ფურთხების მეტი არაფერი უკეთებია... ივანიშვილი კი იქცევა როგორც კლასიკური ქართველი მამა"

"ქართული ოცნების" კეთილი სურვილები, როგორც ჩანს, სრული ფიასკოთი დასრულდა", - პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაჟღერებულ კონცეფციასთან დაკავშირებით, რომელიც ჰარვარდსა და სუფთა ბიოგრაფიას ეხებოდა, "ქართულმა ოცნებამ" ვერაფერი მოახერხა და როგორც ჩანს, გარკვეული ადამიანების ჯგუფებმა პარტიაში კვოტები გადაინაწილეს.

"ქართულ ოცნებას" მუდმივად აქვს კეთილი სურვილები, რასაც არასოდეს არ უწერია განხორციელება. ეს კეთილი სურვილი იყო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, პომპეზურად, ჰარვარდზე და სუფთა ბიოგრაფიაზე, წარსულზე აქცენტების გაკეთება. ეს იყო მათი კეთილი სურვილი, რაც როგორც ჩანს, სრული ფიასკოთი დასრულდა, იმიტომ რომ ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის კასკადი, სადაც საპირისპირო გზავნილი იყო წარმოდგენილი. ეს კეთილი სურვილი ასე დასრულდა, საბოლოო ჯამში, ვერაფერი გაახერხეს ამ კონცეფციასთან დაკავშირებით და უბრალოდ რამდენიმე ადამიანმა კვოტები გაიყვეს - ფეხბურთელმა ფეხბურთელები მოიყვანა, მსახიობმა - მსახიობები, ინტელექტუალობაზე პრეტენზიის მქონემ - ინტელექტუალი მოიყვანა და ასე ეკლექტურად შედგა ის, რაც შედგა.

ყველაზე სამწუხარო გახლავთ ის, რომ ბუნებრივია ამ ადამიანებს და "ქართული ოცნების" დანარჩენ ელიტას, საკუთარი თავის იმედი არ აქვს და ისევ და ისევ აქვთ ბიძინა ივანიშვილის რესურსების გამოყენებით იმის იმედი, რომ ბიძინა ჩაატარებს ფოკუსებს და ამ ადამიანებს, მიუხედავად ყველაფერისა, მიუხედავად ამ ეკლექტიკისა, გამოუცდელობისა, აიყვანს თავის მხრებზე და შეიყვანს პარლამენტში ანუ ისევ ჩვენ ვადგებით ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირების კლასიკურ ნიმუშს, მათ შორის სამწუხაროდ, თბილისში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის აზრით, დღეს "ქართული ოცნება" გადამწიფებული ასაკის თინეიჯერია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი როგორც კლასიკური ქართველი მამა, ისე იქცევა.

"ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა კლასიკურ ქართულ ოჯახად ანუ ის არის გადამწიფებული თინეიჯერი, რომელსაც ბირჟაზე დგომისა და "სემიჩკის" ფურთხების მეტი არაფერი უკეთებია, მამიკომ მოაწყო სამსახურში, იქიდან აგდებენ, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებს, მამიკო ურეკავს დირექტორს და თხოვს - გასაგებია რომ ასეა, მაგრამ ჩემი შვილია და იქნებ დატოვო სამსახურში. დაახლოებით ამ ვითარებასთან გვაქვს სამწუხაროდ საქმე. "ქართული ოცნება" დღეს არის გადამწიფებული, ასაკოვანი თინეიჯერი და ისევე უნდა ცხოვრების გაგრძელება, როგორც დაიწყო. ბიძინა ივანიშვილი კი ამ შემთხვევაში იქცევა როგორც კლასიკური ქართველი მამა, რომელსაც ესმის, რომ მისი შვილი არაფრის მაქნისია, მაგრამ მისი შვილია და რა ქნას?! ხომ არ გადააგდებს? ასე რომ, უნდა დაურეკოს დირექტორს და თხოვოს, რომ მისი შვილი სამსახურში დატოვოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხუხაშვილმა.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."