პრემიერი ტერორისტული აქტის აღკვეთის გამო სუს-ს მადლობას უხდის

პრემიერი ტერორისტული აქტის აღკვეთის გამო სუს-ს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, ვინაიდან დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დროული და ეფექტური ღონისძიებების ჩატარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური, გამოძიების პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შემდგომი კომენტარებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

"ჩატარდება გამოძიება. ერთი შეიძლება ითქვას - ცხადია, რომ ძალიან დიდი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა ეკუთვნის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."