ალეკო ელისაშვილი - დავით ნარმანია დიდი ნიჩბით დგას და პოლიტიკურ საფლავს უთხრის „ქართულ ოცნებას“

ალეკო ელისაშვილი - დავით ნარმანია დიდი ნიჩბით დგას და პოლიტიკურ საფლავს უთხრის „ქართულ ოცნებას“

დავით ნარმანია დგას დიდი ნიჩბით და ამ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ საფლავს უთხრის „ქართულ ოცნებას“. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისის საკრებულოში დავით ნარმანიას მისვლას გამოეხმაურა.

ელისაშვილს დედაქალაქის მერთან კითხვები არ აქვს, მას უბრალოდ ურჩევს, რომ პატივი სცეს თბილისელებს და წავიდეს თანამდებობიდან.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ყველაფერი. მე მოვაწერ ხელს იმ დოკუმენტს, რითაც ნარმანიას წასვლას მოვითხოვთ. ხანდახან მეჩვენება, რომ „ცისფერი მთები“ ელდარ შენგელაიამ ნარმანიასა და მერიაზე გადაიღო. კაცმა არ იცის, რისთვის არიან. მერია დღეს არსებობს მხოლოდ ფურცელზე და საბუღალტრო აღრიცხვაში, რომ მივიდნენ და ხელფასები აიღონ. რეალურად მერია არ არსებობს. მე მაქვს უბრალოდ ერთი რჩევა დავით ნარმანიასთან, მიიღოს გადაწყვეტილება, ქალაქს სცეს პატივი და წავიდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, დასაფასებელია თბილისის მერის გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ეყო ვაჟკაცობა და ბოდიში მოიხადა, თუმცა საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნარმანიამ ბოდიშის მოხდით მხოლოდ საქმის მესამედი გააკეთა და ახლა მას დარჩა კიდევ ორი საქმე გასაკეთებელი, ეს არის - აღიაროს, რომ თავი ვერ გაართვა თბილისის მერობას და თანამდებობიდან წავიდეს.

„რაც უფრო გააჯანჯლებს ნარმანია წასვლას, მით უფრო ღრმა სამარეს გაუთხრის „ქართულ ოცნებას“, დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავეა, დგას იგი ნიჩბით და ამ წინასაარჩევნოდ საფლავს უთხრის „ქართულ ოცნებას“. ყველა მაჟორიტარი დეპუტატი წააგებს ნარმანიას გადამკიდე“, - აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის საკრებულოში პროცესები ამით არ დასრულდება, ვინაიდან „ეროვნულმა ფორუმმა“ უკვე თავისი პოზიცია დააფიქსირა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც უკმაყოფილოები არიან და გამორთულ მიკროფონებთან თავადაც ლანძღავენ თბილისის მერს.

რაც შეეეხება ხელმოწერების შეგროვებას, ნარმანიას იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელმოწერები იქამდე ვერ შეგროვდება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ მოინდომებს.

„საქართველოში ხელმოწერებს იქამდე ვერ შევაგროვებთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ მოინდომებს, მაგრამ ახლა მგონია, რომ ნარმანიას თავზე ღრუბლები იკრიბება სოლოლაკში. საქართველოში ასეთი კონსენსუსი მგონი არაფერზე არ არსებობს, რაც დავით ნარმანიასთან დაკავშირებით. ის, რომ ნარმანია ბოთეა, ამაზე მთელი ქალაქი ვართ შეთანხმებული. ბიძინა ივანიშვილს ხეები ძალიან უყვარს, იმდენად, რომ უნდა სულ თავისთან წაიღოს და ნარმანიამ აგერ ხეები მოუჭრა. მგონია, რომ ბიძინა შემოუწყრა თბილისის მერს. ნარმანია იძახის, ასობით ათასი ხე დავრგეო, როგორც ჩანს, „ფეისბუქში“ თამაშობს იმ რაღაც ფერმას და იქ დარგო ხეები და სწორედ ამაზე ლაპარაკობს ალბათ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით თბილისის მერს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლია.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."