დევიდ მაკალისტერი - საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში შეასრულა ყველა დავალება და ახლა ევროკავშირის ჯერია

დევიდ მაკალისტერი - საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში შეასრულა ყველა დავალება და ახლა ევროკავშირის ჯერია

ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, დევიდ მაკალისტერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში შეასრულა ყველა დავალება და ახლა ევროკავშირის ჯერია.

როგორც მაკალისტერმა გუშინ, საქართველოში ვიზიტის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, ახლა ჯერი მიდგა ევროპარლამენტზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მისივე თქმით, იგი მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღებას.

"საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ გვსურს საქართველომ განაგრძოს ამ გზაზე სიარული დემოკრატიისთვის. 2016 წელი გადამწყვეტია საქართველოსთვის. სწორედ ამ წლის ზაფხულში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში და დროა აღსრულდეს მისი დებულებები. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაცია და მკაფიოდ მინდა ვთქვა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის სახელით, რომ მხარს ვუჭერთ ვიზალიბერალიზაციას. საქართველომ შეასრულა დავალებები და ახლა ჩვენი ჯერია შევასრულოთ დანაპირები და მივცეთ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია", - განაცხადა მაკალისტერმა.

მისი თქმით, მან კომიტეტებში განხილვების დროს მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას. "ახლა ჯერი მიდგა ევროპარლამენტზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე მხარს ვუჭერ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი. ამით დასრულდება ის ეტაპი, რომელიც მთლიანად წამოიწყო წინა ხელისუფლებამ", - განაცხადა მაკალისტერმა.

მისი თქმით, 2016 წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ამასთან, მაკალისტერმა "ნაციონალურ მოძრაობას" ამ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატება უსურვა. "2016 წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ 8 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები. ჩვენ, ევროკავშირში გვინდა და ველით, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის სახალხო პარტიის, წარმატებას ვუსურვებ ჩემს მეგობარ და პარტნიორ "ნაციონალურ მოძრაობას". ასევე, როგორც ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ვუსურვებ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები", - განაცხადა მაკალისტერმა.

მისივე თქმით, საქართველოს რეფორმები სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით. "საქართველოს სჭირდება რეფორმები ეკონომიკის სფეროში, ჩვენ ვიცით, რომ ასევე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის რეფორმები. მინდა გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები, რაც შემექმნა გორში. საქართველოს აქვს უფლება, იყოს დაცული მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენ ევროპელები თქვენს გვერდით ვართ, როცა რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, საქართველო უკვე 25 წელია დამოუკიდებელია, ადგას სტაბილური დემოკრატიის გზას და დიდი დემოკრატიისთვის საჭიროა სამართლის უზენაესობა, თავისუფალი მედია და პლურალიზმი", - განაცხალა მაკალისტერმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."