"პარლამენტმა მომაცდინა და დამაზიანა, სიკეთე არაფერი მოუტანია ჩემთვის" - სოსო ჯაჭვლიანი

"პარლამენტმა მომაცდინა და დამაზიანა, სიკეთე არაფერი მოუტანია ჩემთვის" - სოსო ჯაჭვლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის განმარტებით, საპარლამენტო მოღვაწეობას მისთვის არავითარი სიკეთე არ მოუტანია, პირიქით მისი სახელი და რეპუტაცია დააზიანა.

რაც შეეხება კრიტიკას, მათ შორის კოლეგებისგან, რომელიც შეეხება თეთნულდის განვითარების შპს-ს ხელმძღვანელად ჯაჭვლიანის დანიშვნის გადაწყვეტილებას, როგორც დეპუტატი "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განმარტავს, პიროვნულ დაპირისპირებაში არ შევა.

"პიროვნულ დაპირისპირებაში არავისთან შევალ, რადგან გუნდურობის პრინციპსა და კოლეგებს, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პატივს ვცემ. თუმცა, მივმართავ იმ ხალხს, ვინც ახლა ჩემი მისამართით ქილიკობს და ბოღმას ანთხევს - კიდევ კარგი, თქვენ არ იყავით გენიალური რეჟისორის თენგიზ აბულაძის ასისტენტები, თორემ, ალბათ, "ნატვრის ხეშიც" არ გადამიღებდნენ, მაგრამ ბატონი თენგიზი მაინც თავისას გააკეთებინებდა და 2 ათასი ბავშვიდან მაინც მე შემარჩევდა გედიას როლზე. მე პარლამენტში ჩემი სახელითა და გვარით მოვხვდი და სოსო ჯაჭვლიანი დეპუტატის მანდატით არ გაუცნია საზოგადოებას! პირიქით, პარლამენტმა მომაცდინა, დამაზიანა, თორემ სიკეთე არაფერი მოუტანია ჩემთვის. ქილიკის მეტი არაფერი მიმიღია და ორჯერ მოვხვდი ჩაფიძის კლინიკაში. კიდევ კარგი, იუმორი მშველის, თორემ შესაძლოა, ახლა ცოცხალიც აღარ ვყოფილიყავი. ეს ჩვენი ტელევიზიები ისე წარმოაჩენენ, თითქოს სოსო ჯაჭვლიანი უმეცარია და არაფერი იცის. კი ბატონო, ასე იყოს, ოღონდ ქვეყანას ეშველოს და 24-საათიან რეჟიმში მეკაიფონ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

მისივე თქმით, მისთვის არ არის ადვილი პოლიტიკას მოწყდეს, მაგრამ პრემიერ-მინისტრისგან მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღო, რომელსაც დათანხმდა.

"საზოგადოებამ კარგად იცის, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში როგორ აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ ბატალიებში. საპროტესტო აქციები, დარბევები, ციხე, შიმშილობა - ყველაფერმა ჩემს თავზე გადაიარა. ამის მერე ბრძოლაში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დამინახა და მასთან ერთად, როგორც ჯარისკაცმა სანუკვარ მიზანს - დანაშაულებრივი ნაცრეჟიმის დამარცხებას მივაღწიე. ყოველივე ამის შემდეგ ჩემთვის ნამდვილად არ არის ადვილი, პოლიტიკას მოვწყდე და სრულიად სხვა სფეროში გადავინაცვლო, მაგრამ პრემიერ-მინისტრისგან ისეთი მნიშვნელოვანი შემოთავაზება მივიღე, ბევრი ყოყმანის გარეშე დავთანხმდი", - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

დეპუტატის განცხადებით, ვერ წარმოიდგენდა, რომ სახელმწიფო შპს-ის ხელმძღვანელად მის დასახელებას ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა და "ვიღაც-ვიღაცეები ამხელა ბოღმას გადმოანთხევდნენ".

"ვერ გავიგე, რა უნდათ?! ჩემს რაიონში, ჩემს მშობლიურ სოფელში მივდივარ და ამასაც მიშლიან? თბილისში არაო, პარლამენტში არაო, ხელოვნებაში არაო და მულახშიც არ წახვიდეო! აბა სად წავიდე, გამაგებინეთ! ბევრი რომ არ გავაგრძელო, პრემიერ-მინისტრისგან მიღებული შემოთავაზება ჩემთვის ორგანულია და ამავე დროს, დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს. ჩემი თავის იმედი რომ არ მქონდეს, დარწმუნებული რომ არ ვიყო, ამ დიდ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვზიდავ, შემოთავაზებას არც დავთანხმდებოდი. მიხარია, რომ შესაძლებლობა მეძლევა, ჩემი მშობლიური კუთხის - სვანეთის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. ასე რომ, რამდენიც უნდათ ილაპარაკონ, იქილიკონ და მაგინონ! მე კი საქმეს გავაკეთებ და ამით გავცემ პასუხს ყველას!", - აღნიშნა სოსო ჯაჭვლიანმა.

რაც შეეხება გამოცდილებას სამთო-სათხილამურო მიმართულებით, მისი თქმით, ეს სპორტი მისი სტიქიაა.

"ამათ რა იციან, რომ სამთო-სათხილამურო სპორტი დაბადებიდან ჩემი სტიქიაა? ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრაგიკულად რომ დაიღუპა, მისი ბიძა ფელიქს ქუმარიტაშვილი და მე პირველი ბობსლეისტები ვიყავით საქართველოში. სააკაშვილი იძახის, თეთნულდის სათხილამურო კურორტის შექმნა ჩემი იდეა იყო, ამ პროექტს მე ვხელმძღვანელობდი და ახლა კვირიკაშვილმა ჯაჭვლიანს ჩააბარაო. მაგან თავის სოფელს მიხედოს იქ, სადაც აქვს და მე ჩემს სოფელში გამანებოს თავი. რომელ მენეჯმენტსა და გამოცდილებაზე მელაპარაკებიან? სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი და 5 წლის განმავლობაში 2600-კაციან კოლექტივს ვხელმძღვანელობდი. საერთოდ, კინემატოგრაფია ურთულესი ხელოვნებაა და ფილმის შექმნას, მსოფლიო მნიშვნელობის ფესტივალებზე მის გატანას, სწორედაც რომ კარგი მართვისა და ორგანიზატორობის უნარი სჭირდება", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

"პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან" - ვაშაძის პასუხი ჟურნალისტს, ხალხმრავალ აქციაზე დასმულ კითხვაზე

"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"