"წადი დალაქი ნახე, თმა დაგვარცხნოს" - ელისაშვილი კობახიძეს პასუხობს

"წადი დალაქი ნახე, თმა დაგვარცხნოს" - ელისაშვილი კობახიძეს პასუხობს

ალეკო ელისაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს:

"გუშინ სერიოზულად გავბრაზდი ამ ტიპზე, საქართველოს მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანია მაინც. მარა აი ამ ახალი განცხადების მერე როგორ ველაპარაკო ამ თმაბუწუწას სერიოზულად. სპორტის სასახლის უკან მშენებლობები რატო არ გააჩერა უგულავას დროს ელისაშვილმაო და ის თუ იცი გოგლიმოგლო ორი კვირის წინ ნარმანიამ სპორტის სასახლის უკან რვა 15 სართულიანი კორპუსის პროექტი რომ შემოიტანა და წივილ კივილით გავაჩერებინეთ? იცი ესა? კიდევ ჯიუტად რომ იმეორებს ელისაშვილი 2012 წლამდე არ აქტიურობდაო. წადი დალაქი ნახე, თმა დაგვარცხნოს. ეს ოცნება კიდე სად აგროვებს ასეთებს ჭკვიანებს ერთი ეს გამაგაბინა რა. გოგლიმოგლი ესა", - წერს ელისაშვილი.

როგორც ირაკლი კობახიძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, "რაც ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით ხდება, ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე".

"არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას, უბრალოდ გავიმეორებ, რომ 2012 წლამდე მისი აქტიურობა არ მახსოვს, არც მისი თანამოაზრეების მხრიდან, რისი თვითმხილველიც ვართ 2012 წლის შემდეგ. ზოგადად გეტყვით იმ პროექტებს, რომელთა ერთ-ერთი განსახიერებაც არის ალეკო ელისაშვილი. კარგად მახსოვს როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგან „რუსთავი 2"-ის მიერ ხატი, როგორც გულანთებული ადამიანის, ეს ის დრო იყო, როცა "რუსთავი 2"-ში ბუზიც ვერ შეფრინდებოდა "ნაციონალების" ნებართვის გარშე. ეს პროექტი დაიწყო 2012 წლამდე და გრძელდება ახლაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის" ეთერში და დასძინა, რომ იყო კონკრეტული პროექტები, რომლებსაც ჰყავდა კონკრეტული დამკვეთები და ამ პროექტების განმახორციელებლები იყვნენ ეს ადამიანები და იგივე გრძელდება ახლაც.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ალეკო ელისაშვილი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა გიგი უგულავას დროს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, კობახიძემ უპასუხა, რომ ამას ის არასოდეს აკეთებდა იქ, სადაც ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის ერთ-ერთი სიმბოლო ქალაქის დამახინჯების. სწორედ უგულავას მმართველობის პერიოდში ფუნდამენტურად დამახინჯდა ქალაქის იერსახე, გამწვანებაზე ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას. ერთ კონკრეტულ ლოკალურ ტერიტორიაზე ათი ათასობით ხე გაიჩეხა უგულავას მმართველობის პერიოდში. თქვენ თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ან ალეკო ელისაშვილმა, ან ნატა ფერაძემ, ან რომელიმე მათმა თანამოაზრემ გააპროტესტა ასეთი რამ, მაშინ მე შემიძლია ხელები ავწიო, მაგრამ ასეთი რამ რეალურად არ მომხდარა და მიზეზი ამ ყველაფრის ზუსტად ის იყო, რაც ვთქვი. ანუ, კონკრეტული პროექტები, რომელსაც ყავდა კონკრეტული დამკვეთები და სწორედ ამ პროექტების განმახორციელებლები იყვნენ მაშინაც ეს ადამიანები და ამ პროექტის განმახორციელებლები არიან ეს ადამიანები 2012 წლის შემდეგაც. ეს არის რეალური სურათი...

ის, რაც ხდება ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები არიან ელისაშვილი და ნატა ფერაძე", - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

კითხვაზე, რა ფორმით აღიკვეთება სიძულვილის ენა და ბილწსიტყვაობა, იგულისხმება თუ არა ამაში საკანონმდებლო ცვლილებები, კობახიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება არანაირ რეპრესიულ ზეწოლას არ გეგმავს, უბრალოდ განვითარდება პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა.

რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებდა თავად ირაკლი კობახიძე 2012 წლამდე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ ის ერთ-ერთი პროფესორთაგანი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც თავის პოზიციას ყოველთვის აფიქსირებდა.

"იმ დროს, როცა ალეკო ელისაშვილი ჩართული იყო იმ პროექტების განხორციელებაში, რომელთა ავტორიც დაგისახელეთ, მაშინ მე სულ გამოვხატავდი ჩემს პრინციპულ პოზიციას, სამოქალაქო ატივობების და აქციების სახით. მათ შორის უნივერსიტეტში, სადაც წლების განმავლობაში ვატარებდი ლექციებს. მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი, რომლმაც გააპროტესტა იქ საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" განახორციელა. მაშინ როცა ალეკო ელისაშვილი ახორციელებდა "ნაცმოძრაობის პროექტებს, მე გამომაგდეს თსუ-დან, ხოლო 2011 წლიდან ჩავერთე "ქართული ოცნების" აქტივობებში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."