იზორიას სკანდალური განცხადება - "მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ"

 იზორიას სკანდალური განცხადება - "მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ"

ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ეს არის ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსები, რომელიც 2011 წლიდან ტარდება. ეს იყო ბოლო კურსი, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყო და სრულდებოდა 26 აგვისტოს. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არ იყო გაწერილი პროცედურები, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს წვრთნები. უცხოეთის ქვეყნებში, იქ სადაც წვრთნები უკავშირდება ჯარისკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გარკვეულ საფრთხეს უქმნის მას, აუცილებელია ამ წესების არსებობა. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ინსტრუქტორებს, საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, როგორც ინსტრუქტორებს, ეს წვრთნები ჩაეტარებინათ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ ჩანს სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები", - განაცხადა ლევან იზორიამ, თუმცა საკითხზე მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო პროკურატურასთან თანამშრომლობს გამოძიების პროცესში და უახლოეს დღეებში ის თავის სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს.

ასევე წაიკითხეთ: AMBEBI.GE-ს სპეც-პროექტი: ზღვაში დაკარგული ჯარისკაცები...

იზორიას განცხადებით, მან პირადად განუმარტა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, რომ ძებნა შეწყვიტა თურქულმა გემმა, თუმცა საქართველოში არსებული რესურსით ძებნა გრძელდება.

"ძალიან მძიმე ფაქტია ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის. მე პირადად ვიყავი ოჯახთან ფიქრებში და არა მხოლოდ - ჩართული ვიყავი სამძებრო ოპერაციებში, არ გამიწყვეტია კონტაქტი მათთან. იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ განცდა მუდმივად, რომ მთელი უწყება, როგორც ერთი ოჯახი განიცდის ამ ფაქტს და მინისტრი არის ამ ოჯახების გვერდით, ყველაფერს აკეთებს, რათა ვიპოვოთ ჩვენი ბიჭები. სწორედ ამიტომ მივმართე თურქულ მხარეს და მათ 11 დღის განმავლობაში დაუღალავი შრომა გასწიეს. მათ თავიანთი ტექნიკური რესურსები ამოწურეს და მე ვალდებული ვიყავი ამის შესახებ უშუალოდ ოჯახის წევრებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. მე ოჯახებს ვუთხარი, რომ თურქულმა ხომალდმა შეწყვიტა ძებნა, მაგრამ სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები ვიპოვოთ. სხვა უწყებებიც მობილიზებული არიან, რომ სამძებრო სამუშაოები გავაგრძელოთ", - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თურქეთის სამხედრო ეკიპაჟმა ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია წუხელ შეაჩერა. დაკარგული ჯარისკაცების ოჯახები მთავრობას და უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს საძიებო ღონისძიებების გაგრძელებას სთხოვს.

თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი 16 აგვისტოს გონიოში გეგმური წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგნენ. მათ ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."