პრემიერი: "ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნებაა და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის"

პრემიერი: "ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნებაა და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის"

ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "რედისონში", ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას ჩვენს წინაშე არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს.

"ეს შეხვედრა არის ნატო-ს ვარშავის სამიტზე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის გაწევრიანებისთვის მომზადებას.

ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორცილებისთვის. დღეისთვის ჩვენს რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას ჩვენს წინაშე არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს. ამ კონტექსტში ნატო-ს, როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება.

ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე არის უაღრესად დინამიური და ალიანსი აქტიურად არის ჩართული საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ალიანსთან ერთად განვახორციელეთ ნატო-საქართველოს ორი ძალზედ წარმატებული პროექტი - წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა. ჩვენ მადლობელი ვართ წევრი ქვეყნების მიერ ამ და სხვა ერთობლივი პროექტების განხორცილებაში შეტანილი წვლილისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს სამხედრო მისიებში და ღირსეული წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

"ნატო-ს ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი პროექტების შესახებ და დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ამ პროექტების განხორციელების გზებზე. ქართული მხარე ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-ში უკანასკნელ პერიოდში დაწყებულ სტრატეგიულ დისკუსიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შავი ზღვის რეგიონი და საქართველო არის ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ამ რეგიონში სტაბილურობის გარეშე. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს სამხედრო მისიებში და ღირსეული წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."