ბიძინა ივანიშვილი - მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი

ბიძინა ივანიშვილი - მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი

მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, რეგიონული მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა პრეზიდენტზე საუბრისას აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი "ჯერ კიდევ საკუთარ თავთან გარკვევის პროცესშია" და ეს პრობლემა მან ვერ გაითვალისწინა".

"მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ექს-პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტი, "რესპუბლიკურ პარტიაზე" საუბრის კონტექსტშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის კრიტიკის გარეშე დატოვება, რომელმაც ამ გადაწყვეტილებით "თავისი თავი გაინულა", არ შეიძლებოდა.

"რესპუბლიკელებს" არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. მთელ რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას. ამის მაგალითს ვიტყვი. როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდი, მანამდე მქონდა უსუფაშვილთან შეხვედრა და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ კრიტიკის გარეშე არ შეიძლებოდა ამის ესე გაშვება, რადგან ეს კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში, იყენებს ექვსჯერ მეტ ტერიტორიას რაც ჭირდება და წელიწადში ხარჯავს დამატებით დაახლოებით 10 მილიონ ლარს მოსახლეობის ფულს. უსუფაშვილი გამოვიდა საჯაროდ და გააპრავა იმის გამო, რომ ის ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. როგორი რესურსი მიიღო კი ვნახეთ. ამით დათვური სამსახური გაუწიეს მარგველაშვილსაც და თავისი თავი გაინულა როგორც პოლიტიკოსმა. დავით ბერძენიშვილი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამ პარტიაში, ამაყობდა იმით, რომ არ აკრიტიკებს მარგველაშვილს, რადგან არ უნდა დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ისინი მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ, თუმცა მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია, რა უნდა და მათაც ვერაფრით დაეხმარა, პირიქით - უკან მოუტრიალდათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე მისი გუნდის სხვა წევრების მიმართ, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით ნარმანიას მიმართ გაჩენილ კითხვებზეც ისაუბრა.

"გაჩნდა კითხვები ღარიბაშვილზე, გააკეთა რეაქცია და დაცვის ნაცვლად ის კაცი წავიდა სამსახურიდან. აბსოლუტურად ღირსეულად წავიდა ღარიბაშვილი. რაც შეეხება ნარმანიას, ის მეთოდური, განათლებული, კარგი მენეჯერია. შეადარეთ როგორ იმართებოდა წინა და ახლანდელი თბილისი?! მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაინც მოახერხა თემის აგორება და ნახეთ, როგორი ხალხი უკეთებს ოპონირებას ნარმანიას? ნატა ფერაძე სახეა "ნაციონალური მოძრაობის". ნარმანია არ არის უნაკლო, მაგრამ ზოგადად, ის გუნდის მიერ დანერგილ სტანდარტებს იცავს", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."