რას შეცვლის "ქართული ოცნება" თუ კვლავ ხელისუფლებაში დარჩება - მმართველი გუნდის 6 მთავარი დაპირება

რას შეცვლის "ქართული ოცნება" თუ კვლავ ხელისუფლებაში დარჩება - მმართველი გუნდის 6 მთავარი დაპირება

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამის, სახელწოდებით "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" პრეზენტაცია გუშინ გამართა.

"ქართული ოცნება" ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით აქტიური პოლიტიკის გატარების გაგრძელების დაპირებას იძლევა. აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი გუნდი საკუთარ საარჩევნო პროგრამაში საუბრობს, რომლის პრეზენტაციაც "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა.

"ქართული ოცნება" არაერთი ბიზნეს ინიციატივით გამოდის. "დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი - "ქართული ოცნება" რჩება აღნიშნული პრინციპის ერთგული და არავის მოუწევს საკუთრებაზე უარის თქმა სახელმწიფოს მხრიდან მოტყუების, იძულების, მუქარის, შანტაჟის თუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო; უზრუნველყოფილი იქნება საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა - ამოქმედდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესი, როგორც საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სახეზე არ იქნება საოჯახო, მემკვიდრეობითი, სამეზობლო თუ სხვა სახის დავა. გარდა ამისა, ალტერნატივის სახით, შეიქმნება ამ კატეგორიის დავებზე სასამართლო წესით უფლების დაცვის ეფექტიანი საპროცესო მექანიზმი და გამკაცრდება კონტროლი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებზე; შეიქმნება ერთიანი სივრცე, სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება კერძო ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. შედეგად, ბიზნესს შეუმცირდება სახელმწიფოსგან შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის საჭირო დრო და რესურსები; კიდევ უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება არსებული ონლაინ სერვისები, შესაძლებელი გახდება როგორც კომპანიის ონლაინ დარეგი- სტრირება, ასევე არსებულ მონაცემებში ცვლილებების ონლაინ განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისვლის გარეშე; გამოცხადდება მორატორიუმი ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღებაზე. აღნიშნული მორატორიუმი შეეხება ნებისმიერი ტიპის საქმიანობას, გარდა იმისა, რომელიც იმპერატიულად მოთხოვნილია, რომ იყოს ლიცენზირებადი საქმიანობა საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით; გამოცხადდება მორატორიუმი ახალი მარეგულირებელი სტრუქტურების შექმნაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს იმპერატიულად არის მოთხოვნილი საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით", - ნათქვამია საარჩევნო პროგრამაში.

გარდა ამისა, მმართველი გუნდის მტკიცებით, მოხდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, თუმცა 100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი. "გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადების არასრულად ან/და არასწორად შევსება (საქონლის რაოდენობის ან/და ფასის შემცირება), 10000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე რეალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა; 100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი, რაც 2017 წლიდან, ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირების ფონზე, მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება ბიზნესისთვის; გამოცხადდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) და 218-ე (გადა- სახადისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სრული ამნისტია. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც აღნიშნული დანაშა-ულები 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს; შესაძლებელი გახდება დაუძლეველი ძალის, მათ შორის სტიქიური უბედურების მოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა გამარტივებული წესით; განხორციელდება საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა; განხორციელდება სახელმწიფო სერვისების საფასურების ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს ფასიანი მომსახურებების რაოდენობისა და საფასურების ოდენობების შემცირებას; შემუშავდება კონცეფცია, რომლის თანახმად შესაძლებელი გახდება, შეიქმნას სპეციალიზებული კომერციული კოლეგიები საერთო სასამართლოების სისტემაში; გამარტივდება ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურები; გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად, გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა; ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით", - აღნიშნულია მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში.

ამასთან, "ქართული ოცნება" აპირებს გააგრძელოს სტარტაპების აქტიური მხარდაჭერა. "ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტიც, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ბიზნესზე იყოს წინასწარ გაანალიზებული, რითაც ბიზნესს დავიცავთ შესაძლო ნეგატიური გავლენებისგან; გაძლიერდება ინვესტიციების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო; კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის, მოხდება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვს დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი; უზრუნველყოფილი იქნება საგადასახადო სტიმულები ბიზნესის განვითარებისთვის. 2017 წლიდან ძალაში შევა მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რომლის მიხედვით საწარმოს მიერ მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილებისას. შესაბამისად, საწარმო მოგების გადასახადს გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ მოგებას გაანაწილებს დივიდენდის სახით მის პარტნიორებზე ან არაეკონომიკური მიზნით გასწევს გარკვეულ ხარჯებს. შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება შესაძლებლობა, დამატებითი ფინანსური სახსრები მიმართოს რეინვესტირებაზე, კერძოდ, ახალი ბიზნესის დასაწყებად, არსებული წარმოების გადაიარაღებისთვის ან/და გაფართოებისთვის. ეს რეფორმა უშუალოდ მიმართულია ქვეყანაში ბიზნესის განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისკენ. ბიზნესსექტორში დარჩება ნახევარ მილიარდზე მეტი ლარი, რომლის რეინვესტირება განხორციელდება ბიზნესის გაფართოების მიმართულებით, რაც ასევე დამატებითი შემოსავლების გენერირებას ნიშნავს. რეფორმის შედეგად, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 2017 წელს დაჩქარდება 0,5- 0,7%-ით. გამოთავისუფლებული ფულადი სახსრების ბიზნესის მიერ ფიქსირებულ აქტივებში ინვესტირების შედეგად, დასაქმებასა და ამ მაჩვენებლის ისტორიული დამოკიდებულების გათვალისწინებით, 18 ათასი ახალი სამუშაო ადგილი მხოლოდ ამ რეფორმის ფარგლებში მხოლოდ 2017 წელს შეიქმნება. ჯამში, 4 წლის განმავლობაში კი, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი. ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისათვის ისტორიულად ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად 4 წელიწადში თითქმის 1%-ით გაუმჯობესდება, რაც არსებული პროგნოზის მიხედვით, ქვეყნიდან 220-250 მლნ აშშ დოლარით ნაკლები ვალუტის გადინებას ნიშნავს", - ნათქვამია საარჩევნო პროგრამაში.

მმართველი გუნდი მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებაში სასჯელის ლიბერალიზაციას გეგმავს.

"მოხდება სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით. სახელმწიფო გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. პრევენციული პროგრამებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით - ახალგაზრდების ჩაბმის თავიდან არიდებას", - ნათქვამია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში, რომლის სახელწოდებაა: "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა". გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამომრჩევლებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხითაც პირდება რეგულაციების შემუშავებას. "სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავებს რეგულაციებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხით, განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან და დამოკიდებულ პირებთან მიმართებაში. გამკაცრდება სახელმწიფო კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე. გაძლიერდება პრევენციული საგანმანათლებლო კომპონენტი, რათა თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, აზარტულ თამაშებში ჩაბმა", - აღნიშნულია საარჩევნო პროგრამაში.

"ქართული ოცნება" თავდაცვის სამინისტროში რეფორმების გატარებას გეგმავს.

ერთ-ერთი რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია გენერალურ შტაბსა და სამინისტროს შორის კომპეტენციების გამიჯვნა. ასევე, დაგეგმილია უფლებამოვალეობებისა და ფუნქციების გამიჯვნა უშუალოდ თავდაცვის უწყების შიგნით. მმართველი გუნდი აპირებს სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაციასაც.

"საბოლოოდ გაიმიჯნება კომპეტენციები გენერალურ შტაბსა და სამინისტროს შორის. განხორციელდება თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის მართვის, კონტროლისა და უწყებრივი კონსულტაციების სისტემის შემდგომი ინტეგრაცია, დახვეწა და ოპტიმიზაცია; განხორციელდება არსებული რესურსების მართვის წესებისა და პროცედურების ინსტიტუციონალიზაცია თავდაცვის რესურსების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპებით გამოყენების უზრუნველსაყოფად; გაუმჯობესდება შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილურობა: უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დარჩება საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების შემდგომი განვითარება; შეჯერდება რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფცია; განხორციელდება კვალიფიციური პერსონალის მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის ფულადი კომპენსაციებით უზრუნველყოფის გზების იდენტიფიცირება, მათ შორის პენსიების სისტემასთან დაკავშირებით არსებული წინადადებების შეჯერება; ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, შემცირდება პერსონალური ხარჯების წილი თავდაცვის ბიუჯეტში და განხორციელდება, ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაცია. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს შიგნით მკვეთრად გაიმიჯნება უფლებამოვალეობები და ფუნქციები; უზრუნველყოფილი იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და ლოჯისტიკის სისტემის გამართვა. დაიწყება ერთიანი მატერიალურ-ტექნიკური და სამშენებლო ნორმების დანერგვის პროცესი; განვითარდება შეიარაღებული ძალების კიბერშესაძლებლობები და გაიზრდება კიბერუსაფრთხოების ხარისხი; გაიზრდება სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობები, რისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის საერთო ეროვნული რესურსებისა და შესაძლებლობების სწორი განაწილება; შეიარაღებულ ძალებში განვითარდება სპეციალური დანიშნულების ძალების შესაძლებლობები; გაგრძელდება სამხედრო პოლიციის რეფორმირება", - ნათქვამია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამის, სახელწოდებით "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" პრეზენტაცია გუშინ გამართა.

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამით პენსიის კონკრეტული ოდენობით გაზრდა გათვალისწინებული არ არის. მმართველი გუნდი, საარჩევნო პროგრამით, რომლის სახელწოდებაა "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა", ამომრჩევლებს კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს.

"ქართული ოცნება" გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. აღნიშნული რეფორმა კაპიტალის ბაზრის შედარებით ფართო რეფორმის შემადგენელი კომპონენტია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას. საპენსიო რეფორმის უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, აგრეთვე არსებული სოციალური სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება. ფისკალური სტაბილურობის გათვალისწინებით, კერძო დაგროვებითი პენსია ოპტიმალური მოდელია საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის გაუმჯობესების კუთხით. კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. გარდა ამისა, კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას აქვს ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი. კერძო დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და საბოლოოდ, დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე", - აცხადებს "ქართული ოცნება". საარჩევნო პროგრამაში მმართველი გუნდი იმასაც განმარტავს, თუ რა ეკონომიკური ეფექტი ექნება აღნიშნულ რეფორმას. "რეფორმის განხორციელება რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელს გაზრდის დამატებით 0,4-0,6%-ით. დამატებითი კაპიტალის გაჩენა ეკონომიკაში ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილიდან, რომლის შექმნასაც "ქართული ოცნება" გეგმავს, 10-15 ათასი ადამიანი მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად შეიქმნება; რეფორმის შედეგად, ქვეყანაში ლარში დენომინირებულ სესხებზე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით 2%-ით შემცირდება. საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შემცირება, ერთი მხრივ, სტიმულს მისცემს მეწარმეებს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიციები და გააფართოვონ საკუ- თარი ბიზნესი, ხოლო, მეორე მხრივ, გაიზრდება ეროვნული დანაზოგების გრძელვადიანი მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს", - აღნიშნულია საარჩევნო პროგრამაში. "ქართული ოცნების" განმარტებით, სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება მოქმედი და დაინერგება კიდევ ახალი პროგრამები. "ქართული ოცნების" სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია: სიღატაკის დაძლევა და სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა; უზრუნველყოფილი იქნება სისტემის ფუნქციონირება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იმგვარად, რომ გამოირიცხოს სუბიექტური ფაქტორები; გამკაცრდება მონიტორინგის სისტემა; დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული არსებობის გარანტია. დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსებას დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან; დაინერგება სახელმწიფო პროგრამა - "ცხოვრება გრძელდება", რომლის ფარგლებში კერძო კომპანიები წახალისდებიან საპენსიო ასაკის კვალიფიციური პირების დასაქმებისათვის", - განმარტებულია მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში.

"ქართული ოცნება" მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებით გამოდის.

როგორც მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაშია ნათქვამი, "ქართული ოცნება" შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას, აღნიშნული დოკუმენტი კი საფუძვლად დაედება ღონისძიებებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. "ქართული ოცნება" შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი: • მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი; • ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი; • ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი; • დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი; • ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი", - ნათქვამია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში, რომლის სახელწოდებაა "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა". მმართელმა პარტიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გუშინ გამართა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები