საარჩევნო ექსპერიმენტი - როგორ შეიძლება გადანაწილდეს მანდატები პარლამენტში

საარჩევნო ექსპერიმენტი - როგორ შეიძლება გადანაწილდეს მანდატები პარლამენტში

საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღე დარჩა. შესაბამისად, საინტერესოა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დაახლოებით რა განწყობა აქვს ამომრჩეველს. ამიტომაც "პალიტრა მედიის" ვებ-გვერდებზე - ipn.ge-ზე, kvirispalitra.ge-ზე, bpn.ge-ზე, palitratv.ge-ზე, ambebi.ge-ზე, mshoblebi.ge-სა და marao.ge-ზე ჩატარდა გამოკითხვა - "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" (გამოკითხვა 8 სექტემბერს 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა), რომელშიც მონაწილეობა 11 796-მა მკითხველმა მიიღო.

ინტერნეტსაიტების მომხმარებელთა ხმები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 33,17 %

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 15,84 %

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის - 3.96

საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 3.65

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია - 3,51 %

რესპუბლიკური პარტია - 3,42 %

ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - 3,15 %

თავისუფალი დემოკრატები - 2,84 %

ეროვნული ფორუმი - 1,27 %

თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო - 0,59 %

მემარცხენე ალიანსი - 0,43 %

სხვა პარტიას - 2,63 %

არც ერთ პარტიას - 25,54

გადავწყვიტეთ, სპეციალისტების დახმარებით, ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა - წარმოვიდგინოთ, რომ მართლაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ხმები ისე გადანაწილდა, როგორც ეს ზემოთ არის მოცემული. საინტერესოა, ამ მოცემულობით, პროპორციული სიით ვინ რამდენ მანდატს მოიპოვებდა პარლამენტში?

როგორც ცნობილია, პროპორციული წესით, პარლამენტის წევრთა მანდატებს მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს. თუკი პირობად ავიღებთ, რომ 25,54% (ანუ გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც ხმას არც ერთ პარტიას არ აძლევს), არჩევნებზე არ მივა, ან საარჩევნო ბიულეტენში არც ერთ პარტიას არ შემოხაზავს, ხმები ისე გადანაწილდება, რომ 5%-იან საარჩევნო ბარიერს მხოლოდ სამი პარტია გადალახავს და დაახლოებით შემდეგ პროცენტულ მაჩვენებელს მივიღებთ:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 44.55%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 21.27%

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 5.32%

ზემოთაღნიშნული პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, თავდაპირველად პარტიებზე მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება:

"ქართული ოცნება" - 34 მანდატი

"ნაციონალური მოძრაობა" - 16 მანდატი

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 4 მანდატი

ანუ პარტიებზე პირველ ეტაპზე 54 მანდატი გადანაწილდება. თუმცა, მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს შორის პროპორციული წესით 77 საპარლამენტო მანდატი უნდა განაწილდეს. შესაბამისად, ამოქმედდება "საარჩევნო კოდექსით" დადგენილი წესი, რომელიც პარტიების მიერ, საერთო ჯამში, 77-ზე ნაკლები მანდატის მიღების შემთხვევაში, გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას ითვალისწინებს. კოდექსის შესაბამისი ფორმულის მიხედვით, 77 მანდატის შესავსებად, დარჩენილი 23 მანდატი პარტიებს შორის ასე გაიყოფოდა: ბურჭულაძეს ფრაქციის შესაქმნელად 2 მანდატი დაემატებოდა (პარლამენტში პარტიამ ფრაქცია რომ შექმნას, მინიმუმ 6 დეპუტატი უნდა ჰყავდეს), 21 მანდატი გადანაწილდებოდა "ქართული ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის: "ოცნება" 11 მანდატს მიიღებდა (როგორც პირველ ადგილზე გასული პარტია), "ნაციონალური მოძრაობა" კი - 10 მანდატს დასჯერდებოდა.

შესაბამისად, ამ გამოთვლების მიხედვით, საბოლოოდ პარლამენტში პროპორციული ადგილები ასე გადანაწილდებოდა:

"ქართული ოცნება" - 45 მანდატი

"ნაციონალური მოძრაობა" - 26 მანდატი

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 6 მანდატი

ამასთან, 150 წევრისგან შემდგარ პარლამენტში დანარჩენი 73 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული წესით. მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას ის კანდიდატი მოიპოვებს, რომელიც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."