დავით ნარმანიას 6 დაპირება, რომელიც მერმა არ შეასრულა

დავით ნარმანიას 6 დაპირება, რომელიც მერმა არ შეასრულა

თბილისელებმა დავით ნარმანია მერად 2014 წლის 12 ივლისს აირჩიეს. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 2014 წლის აპრილში თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნების" საარჩევნო ყრილობაზე მომავალი 4 წლის საარჩევნო პროგრამა წარადგინა. პროგრამა რამდენიმე მიმართულებად იყოფოდა - ეკოლოგია, სოციალური, ტრანსპორტი, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, დევნილების დახმარება და ა.შ.

AMBEBI.GE წარმოგიდგენთ ნარმანიას 6 დაპირებას, რომელიც ქალაქის მერმა ორი წლის წინ თბილისელებს აღუთქვა და ჯერ არ შესრულებულა:

სითი პარკი

მერად არჩევიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ აქტიურად დაიწყეს მსჯელობა "სითი პარკის" გაუქმების ან უფლებების შეზღუდვის თაობაზე,

თბილისის მერია ითხოვდა: 1.შეცვლილიყო ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა და დაჯარიმება 2.დაჯარიმება უნდა მომხდარიყო ადგილზე.

2015 წელს ქალაქის მერი აცხადებდა: "ხელშეკრულება ძირითადად ინვესტორის, "სითი პარკის" ინტერესებზეა მორგებული და ზოგიერთ შემთხვევაში, დედაქალაქისთვის არის საზიანო. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელშეკრულება იყოს უფრო მეტად დაბალანსებული, შემოსავლების განაწილება კომპანიასა და დედაქალაქის ბიუჯეტს შორის იყოს სამართლიანი და თანასწორი... ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. ეს ის მინიმალური, აუცილებელი საკითხებია, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ უშუალოდ "სითი პარკის" წინაშე. უახლოეს დღეებში სრულად გვექნება მათი პოზიცია ჩვენს მიერ შეთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ ამ გონივრულ ცვლილებებზე კომპანია არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ", - "იმუქრებოდა" ნარმანია "სითი პარკის" მისამართით.

თუმცა, ცვლილებები არ განხორციელებულა - "სითი პარკს" არასწორად გაჩერებული მანქანა ავტოსადგომზე ისევ გადაჰყავს და სოლიდურ ჯარიმასაც უწერს მძღოლს.

მდინარე მტკვრის რეკრეაციულ ზონად მოწყობა

როგორც დავით ნარმანიამ თავის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა, მდინარე მტკვარი გასუფთავდებოდა და სარეკრეაციო ზონად გამოცხადდებოდა. წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით მდინარე მტკვარი გაიწმინდებოდა ჩამდინარე წყლებისა და კანალიზაციისგან, თბილისის შესასვლელ ნაწილში გაკეთდებოდა ნაგავდამჭერი სპეციალური მოწყობილობა, რათა ნარჩენები დედაქალაქის ტერიტორიაზე არ შემოსულიყო. სანაპიროზე მოეწყობოდა მწვანე საფარი და საველოსიპედო ბილიკი.

"მდინარე მტკვარი და მისი სანაპირო რეკრეაციულ ზონად უნდა ვაქციოთ, რაც მნიშვნელოვანია დედაქალაქის განვითარებისთვის, ასევე ტურისტული თვალსაზრისით" - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ერთი წლის შემდეგ ნარმანიამ პროექტის პრეზენტაციაც გამართა, რომლის მიხედვითაც გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდინარე მტკვრის კალაპოტსა და სანაპიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდებოდა. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობოდა დასასვენებელი პარკი. მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლზე გაშენდებოდა სასეირნო ბილიკები, მოეწყობოდა ველობილიკები და საფეხმავლო ხიდები, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს როგორც ერთმანეთთან, ისე მდინარეში არსებულ კუნძულთან დააკავშირებდა. პროექტის პრეზენტაცია 2015 წლის 25 მაისს გაიმართა.

"დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში სამშენებლო ნაგავსაყრელად იყო ქცეული, მოწესრიგდება და დედაქალაქს ახალი სარეკრეაციო ზონა შეემატება. ეს იყო ჩემი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის, ერთ-ერთი დაპირება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თუმცა, 13 ივნისის სტიქიის გამო, პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მილიონი ხე

თბილისის მერის საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ მთავარ ნაწილს ეკოლოგია წარმოადგენდა. როგორც ნარმანია აცხადებდა, ისეთი პროექტები, რომლებიც გამწვანებას არ ითვალისწინებს, მერიისგან არ დამტკიცდებოდა. თბილისში კი მილიონი ხის დარგვას გეგმავდა.

"ჩვენ არ ვპირდებოდით ამომრჩეველს ისეთ რამეს, რაც კანონმდებლობით თბილისის მერის უფლებამოსილება არ არის, ან რომლის განხორციელებასაც ფინანსურად ვერ შევძლებდით. ჩვენ ყველა რეალური და ობიექტური წინასაარჩევნო პროგრამა დავდეთ. ეს შეეხება 1 მილიონი ხის დარგვასაც, ეს რეალურია აბსოლუტურად, ეს პუნქტი გავლილია მეცნიერებთან შესაბამისი გაანგარიშებებით,"- ამბობს ნარმანია.

როგორც დავით ნარმანიამ 2015 წლის 12 აგვისტოს ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, თბილისში ნახევარი მილიონი ხე უკვე დაირგო. "გეგმა გაწერილი გვაქვს და 2017 წლის ბოლომდე ნამდვილად უნდა დავრგოთ მილიონი ხე," - აცხადებდა მერი.

საზოგადოება მერის განცხადებას ნახევარი მილიონი ხის დარგვასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად შეხვდა. მაშინვე შეიქმნა სპეციალური საიტი, სადაც ნახავთ ტერიტორიების მიხედვით, სად რამდენი ხე დაირგო. სპეციალისტებით შეფასებით, ნახევარი მილიონი ხე შესაძლოა დაირგა, მაგრამ უმეტესობა გახმა. გამხმარი ხეების ფოტო და ვიდეო მასალა ინტერნეტში არსებობს. ამასთან, ხეების უკანონო ჭრის მაგალითები მშენებლობის დაწყების მოტივით, ქალაქში ძალიან მომრავლებულია.

მუნიციპალური ტრანსპორტი

დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებები ასევე მოიცავდა ეფექტური სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირებისა და ნაკლებმობილური ადამიანების სამგზავრო მომსახურების სრულყოფაზე იქნებოდა მიმართული.

ნარმანია წინასაარჩევნო პროგრამაში აცხადებდა, რომ ქალაქის ავტოპარკი შეივსება საშუალო და დიდი გაბარიტების მქონე ავტობუსებით. გარდა ამისა, მერის დაპირებით, მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით განხორციელდებოდა მოძველებული მეტროს ვაგონების (სათავო და შუა) მოდერნიზაცია. ასევე, მეტროს სადგურების პერიოდული რეკონსტრუქცია და ახალი სადგურის მშენებლობა (მეტროპოლიტენის 23-ე სადგური "უნივერსიტეტი" 2017 წელს დასრულდება. მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს).

თუმცა, ამ დრომდე დედაქალაქში ისევ ძველი ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ. მხოლოდ ნარმანიას მერობის ვადის ორი წლის შემდეგ, თბილისის მერია გერმანული კომპანია "მანის" ავტობუსების პირველ პარტიას ელოდება. სექტემბრის ბოლოს თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვა. ავტოპარკის შევსება კი, 2017 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

მრავალსართულიანი პარკირება

თბილისში მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობა იგეგმება, რომელიც "სითი პარკის" კონკურენტი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2015 წლის იანვარში განუცხადა. მისი თქმით, გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის დოკუმენტზე მუშაობა თბილისის მერიამ უკვე დაასრულა.

"ჩვენ უკვე დღე-დღეზე ველოდებით დასკვნას, რომელსაც ჩვენი დაქირავებული კომპანია წარმოგვიდგენს. რაც შეეხება მრავალსართულიანი პარკირების სისტემას, ის იქნება ერთგვარი კონკურენტი "სითი პარკის", ანუ სხვა დაინტერსებულ კერძო კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მრავალსართულიანი პარკირება ააშენონ და ეს მათთვის, როგორც ბიზნესპროექტი, საინტერესო იქნება", - აცხადებდა ნარმანია 2015 წელს.

როგორც თბილისის მერმა 2016 წლის 26 მარტს განაცხადა, თბილისში რამდენიმესართულიანი პარკინგის შენობების ასაშენებლად ტენდერები გამოცხადდება.

"დაახლოებით 1500-მდე ადგილი კიდევ აქვთ მათ დარჩენილი და ეტაპობრივად გაუქმდება ამ ადგილებზე პარკირება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის დისკომფორტი ავტომობილების მფლობელებისთვის. ამიტომ ჩვენ შემხვედრი ღონისძიებაც დავიწყეთ და დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში ჩაბარდება თბილისის მერიას და ამის მიხედვით მოვამზადებთ საინვესტიციო პროექტებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რა ეტაპზეა ამჟამად მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობა. როგორც მერიაში განგვიცხადეს, პროექტი მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

საცობები

წლებია თბილისში ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემას გადატვირთული გზები წარმოადგენს. საცობია დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერ ადგილას. თბილისის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  2014 წლის ბოლოს ნარმანიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საცობების შემსუბუქების მიზნით საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. "რამდენიმე კომპლექსური ღონისძიების განხორციელებით ჩვენ შევძლებთ საცობების შემცირებას, რათა ქალაქში სწრაფი გადაადგილება იყოს შესაძლებელი", - აღნიშნა მერმა.

2015 წლის დეკემბერში საქართველოს თბილისის საცობების შესწავლის მიზნით, გერმანელი ექსპერტთა გუნდი ეწვია. "ტრანსპორტის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, ეფექტური საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რეორგანიზება", - ასეთი იყო გერმანელი ექსპერტების დასკვნა.

ქალაქის მერმა მმართველობის ორი წლის შემდეგ, საცობების შექმნის მთავარ პრობლემად ავტომანქანების რაოდენობა დაასახელა. რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას ნარმანიამ აღნიშნა, რომ მერიას აქვს საცობების განტვირთვის 5-პუნქტიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორის, რამდენიმე მათგანი დასრულდა.

"მაგალითად, მოხდა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, ასევე თვის ბოლოს ვამთავრებთ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელ გზას. ასევე დასრულებულია სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა. ეს არის ის პროექტები, რომლებმაც ცალკეულ უბნებში ავტომანქანების მოძრაობა უნდა განტვირთოს" - განაცხადა მერმა. მერიას საცობების შემსუბუქების გეგმა აქვს, თუმცა ქალაქს საცობები მაინც მძიმედ აწევს...

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."