რომელია ყველაზე ღია და დახურული სახელმწიფო უწყებები - IDFI-ს მონაცემები

 რომელია ყველაზე ღია და დახურული სახელმწიფო უწყებები - IDFI-ს მონაცემები

2016 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს, 55-ია. დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ" საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახული საჯარო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონიალი გამართა.

2016 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი არის 55, მათ შორის: საქართველოს პარლამენტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქპატენტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ა.შ.

2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხით დაწესებულებების რეკორდულად მაღალი რაოდენობა -25 დასახელდა. გარდა ამისა, ერთი კონკრეტული უწყების ნაცვლად წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა. 2016 წელს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ 12 უწყებას გაეგზავნა 346 მოთხოვნა, საიდანაც პასუხი არც ერთ მოთხოვნაზე IDFI-ს არ მიუღია. შედეგად იუსტიციის სამინისტროს სისტემის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 2016 წელს 2013 წელთან შედარებით 95,6%-ით გაუარესდა და 0% შეადგინა. გარდა ამისა, 2016 წელს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი 12 უწყების გარდა, საქართველოს 294 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კიდევ 14 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომლებმაც სრულიად უგულვებელყვეს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვეს IDFI-ის ყველა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ IDFI-ს მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს შემდეგმა საჯარო დაწესებულებებმა: შემოსავლების სამსახური, ასპინძის გამგეობა, ბოლნისის გამგეობა, საგარაჯოს გამგეობა, ყაზბეგის გამგეობა, წალკის გამგეობა, ხონის გამგეობა, ბოლნისის საკრებულო და ა.შ.

როგორც ღონისძიებაზე ითქვა, აღნიშნულ ღონისძიებას IDFI უკვე მეშვიდე წელია მართავს. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, 2010-16 წლებში IDFI-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს დაკმაყოფილებული განცხადებების მაჩვენებელმა 86% შეადგინა. ორგანიზატორების თქმით, 2016 წელს IDFI-ის მიერ მიღებული პასუხების რაოდენობა კვლავ შემცირდა და 85% შეადგინა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მიუხედავად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ხშირი ცვლილებისა, 2010 წელთან შედარებით დღესდღეობით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."