"უკრაინაშიც დაინტერესებული არიან სააკაშვილით - საუბარია, რომ ოდესაში რაღაც კონტრაბანდას მფარველობს"

"უკრაინაშიც დაინტერესებული არიან სააკაშვილით - საუბარია, რომ ოდესაში რაღაც კონტრაბანდას მფარველობს"

ფაქტია, ჩვენი ქვეყნისა და შვილების წინააღმდეგ მზადდება ის, რაც არავის აწყობს, მათ შორის არც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, - ამის შესახებ დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლკის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანია, რომელიც მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების პროცესშია.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯერ კიდევ 2014 წლის ინტერვიუებში მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ გზასა და "ბიძინა ივანიშვილის დამხობაზე" საუბრობს.

"ნაციონალურ მოძრაობას" ეგონა, რომ დასავლეთი დაგვტუქსავდა და ჩვენს წინააღმდეგ გამოილაშქრებდა იმის გამო, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდელობებს, არ მომხდარიყო ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა, ხელი შეშლოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, მომხდარიყო ნატო-ს სამიტზე ჩვენი დატუქსვა, ევროპარლამენტისა და საქართველო-ევრონესტის ფორმატში 17 შესწორება შეიტანეს, რომელთაგან კიდევ კარგი, არც ერთი არ გავიდა. ჩვენს წინააღმდეგ დასავლეთის დარაზმვა, რუსეთთან მოლაპარაკებების ჩაშლა და მასთან ისედაც მწვავე და მტკივნეული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება, ესეც ხუნტას გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. ყველა ეს გეგმა ჩაიშალა და დარჩა ერთი - რევოლუციის პროექტი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, მოსალოდნელ რევოლუციასა და დესტაბილიზაციის შექმნაზე საუბარი ხომ არ ემსგავსება პოლიტიკურ სპეკულაციებს იმ ფონზე, როცა ამის შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი მასალების წყარო არა სათანადო სახელმწიფო უწყებები, არამედ სოციალური ქსელით გავრცელებული ფარული ჩანაწერებია, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ინფორმაციის გავრცელების ფორმა საკითხის მთავარ არსს არ ცვლის.

"მე რომ გამოვიდე და აქაურობა დავლეწო, თუკი ეს გამოძიების მიერ არ იქნება ნათქვამი შესაბამისი ფორმით, ეს პოლიტიკურ სპეკულაციას დაემსგავსება?! მე იმ დღესვე უნდა დამიჭირონ და თუკი ამის საშუალება არსებობს, გამასამართლონ. მე სრულ ინფორმაციაზე წვდომა არა მაქვს და არც შეიძლება რომ მქონდეს, არ ვიცი საიდან არის ეს რესურსი. ვიცი, რომ უკრაინაშიც საკმაოდ დაინტერესებული არიან სააკაშვილის პროცესით. საუბარია, რომ რაღაც კონტრაბანდას მფარველობს ოდესაში. არავინ არ იცის, რა დაპირისპირებები, რა მაფიოზური თუ კლანური პროცესები მიმდინარეობს, სად ჩაიწერეს ან ვინ გაავრცელა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი შესაბამისი ორგანოებისგან მეტ განმარტებას ითხოვს და დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად უნდა ჩატარდეს.

"საზოგადოებას აინტერესებს, მათ შორის შემხვდა "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ბევრი მხარდამჭერი - არის კითხვები, ზოგი სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ რეალურად კაციშვილი არ მეგულება, გარდა ერთი პატარა მარგინალური ჯგუფისა, რომელსაც საქართველოში იმის მოხდენა უნდოდეს, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."