"სტუდენტები სველი წერტილის, სამზარეულოსა და გაზგაყვანილობის გარეშე" - რა პირობებში ცხოვრობენ სტუდქალაქში და როგორ აპირებს პრობლემის მოგვარებას თსუ-ს ახალი რექტორი

"სტუდენტები სველი წერტილის, სამზარეულოსა და გაზგაყვანილობის გარეშე" - რა პირობებში ცხოვრობენ სტუდქალაქში და როგორ აპირებს პრობლემის მოგვარებას თსუ-ს ახალი რექტორი

"აუცილებელია, სასწრაფოდ გამოსწორდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საკითხი" -ამის შესახებ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ჩემი კითხვის" მაყურებლის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი ჯავახაძემ, რომელიც ბაგებში მდებარე სტუდქალაქის მაცხოვრებელია, გადაცემაში ჩართვის დროს საცხოვრებელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

"პირველ რიგში არახარისხიანი გაყვანილობაა, რაც საფრთხის შემცველია. შეიძლება ხშირ შემთხვევაში მოწესრიგებულია სველი წერტილები, მაგრამ არასაკმარისია მათი რაოდენობა, რადგან თითო სართულს ორი სველი წერტილი ემსახურება. დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არ გვაქვს სამზარეულო. ამის გამო სტუდენტებს საჭმლის მომზადება ხშირად, საკუთარ ოთახებში უწევთ. ასევე, არ არის გაზგაყვანილობა და ყველა სტუდენტს დენზე გათბობა უწევს....",- განაცხადა ჯავახაძემ.

როგორც მაყურებლის კითხვის საპასუხოდ თსუ-ს რექტორმა განაცხადა, იგი ამ პრობლემით უკვე დაინტერესდა.

"პირველივე ინფორმაცია, რაც გამაჩნია არის ის, რომ იქ ბევრი რაღაც არის მოსაწესრიგებელი. პირველ რიგში ის, რომ როგორც აღმოვაჩინე, ეს საცხოვრებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზეც კი არ არის. ეს არის უმთავრესი, რითიც უნდა დავიწყოთ, შემდეგ უნდა დავიწყოთ უკვე მოწესრიგება. ვნახოთ რა სიტუაციაშია შენობები. ვვარაუდობ, რომ ამას მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი ვერ გაწვდება. ამიტომ ვაპირებთ, რომ თანხების მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ როგორც სახელმწიფო, ისე შიდა ბიუჯეტიდან. ერთი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, ეს არის კონცეფტი, თუ როგორი უნდა იყოს სტუდენტური საცხოვრებელი. გვინდა, რომ ამ ყველაფერში სტუდენტები აქტიურად ჩაერთნონ. მოვუწოდებ ყველა სტუდენტს, ჩაერთონ ამ საკითხის შესწავლაში, მიიღონ მონაწილეობა იმაშიც, თუ ვინ უნდა იყოს სტუდქალაქის მაცხოვრებელი და ასე შემდეგ. მაგალითისთვის რაც მინდა მოვიყვანო არის ის, რომ, ლისის ტბაზე აშენდა სტუდენტური საცხოვრებელი, სადაც არის ძალიან მაღალი ხარისხის სტუდენტური საცხოვრებელი. ჩვენ მოვიწვიეთ სტუდენტები, რათა თავად განსაჯონ, თუ ვინ იქნება მოსარგებლე ამ ტერიტორიის, როგორი იქნება სასწავლო გარემო, როგორი იქნება რეკრეაციული გარემო და ასე შემდეგ", - განაცხადა შარვაშიძემ.

თსუ-ს რექტორის თქმით, აუცილებელია, რომ მომავალში სტუდენტების საერთო საცხოვრებელი მაღალი სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, რადგან მისი ინფორმაციით, "უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მოზიდვაა დაგეგმილი".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."