პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედგა, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა მივულოცო ყველას, საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედგა. ყველას შეფასებით ეს იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, არჩევნების მონიტორინგისა და აქტიური ჩართულობისთვის. მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დადებითად შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. აღსანიშნავია ეუთო-ს შეფასება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა კონკურენტულ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა უკვე მიულოცეს საქართველოს არჩევნების ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი იყო დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო და ჩატარდა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები.

კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. პრემიერის თქმით, მათმა მიუკერძოებელმა მუშაობამ განაპირობა არჩევნების მაღალი სტანდარტი.

დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურშიც ამომრჩევლების მაღალი აქტივობა იქნება და ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. პრემიერმა "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რომ პარტიას დიდი ნდობა გამოუცხადეს.

"მართალია, ჯერ არ არის გამოქვეყნებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგი, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, "ქართული ოცნების" უპირატესობა ძალიან დიდია. ეს არის უდიდესი მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა ქვეყნის მართვას სწორედ ჩვენ გვანდობს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის და ამავე დროს ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც, ჩვენი გუნდი, თითოეული ჩვენგანი გაათმაგებული შრომით უპასუხებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ბევრ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მეორე ტური და ამის მიზეზი ის არის, რომ ამ ხელისუფლებამ სრულიად შეგნებულად აწია ბარიერი 50%-მდე, რათა დემოკარტიულობის და ლეგიტიმაციის ხარისხი ყოფილიყო მაღალი.

"მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი საპარლამენტო არჩვენები, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატებს ასეთი მაღალი ბარიერის გადალახვა უწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურშიც იქნება ამომრჩევლების მაღალი აქტივობა და ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციების და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს. ამასთან, კვირიკაშვილმა მედიას 24 საათიან რეჟიმში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" სამწუხაროდ, ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციების და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს, რაც ჩვენი შეფასებით, არის წარსული და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან, ქვეყნის განვითარების ინტერესებთან. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და არჩევნების მიმდინარეობისას მაღალპროფესიულად აშუქებდნენ პროცესებს და აწვდიდნენ ამომრჩეველს ობიექტურ ინფორმაციას, აღარაფერს ვამბობ გუშინდელ დღეზე, როდესაც მათ 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ჩატარებას და ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მოხდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, თუმცა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ინციდენტზე რეაგირება მოხდა და მიმდინარეობს შემდგომი სამართლებრივი პროცედურები.

"მიუხედავად ყველაფრისა, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, თუმცა ასეთი ფაქტების მასშტაბი და რაოდენობა იყო იმდენად მცირე, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ასევე, ყველა ამ ინციდენტზე ხდება რეაგირება და მიმდინარეობს შემდგომი სამართლებრივი პროცედურები. არიან დაკავებულები. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისათვის და ეს მიზანი მიღწეულია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."