"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების დირიჟორი გიგა ბოკერიაა - რამაზ საყვარელიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების დირიჟორი გიგა ბოკერიაა - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების დირიჟორი გიგა ბოკერიაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საყვარელიძემ განუცხადა, ქართულ პოლიტიკაში იშვიათობაა, როდესაც გუნდის წევრები ლიდერს უპირისპირდებიან. იგი მიიჩნევს, უმჯობესია, "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური და ლიბერალური ფრთის გზები გაიყოს, ვიდრე ერთ დღეს სააკაშვილის ლოზუნგი ისმოდეს, მეორე დღეს - ბაქრაძის.

"ამ დაპირისპირებაში ყოველთვის არის პროგრესული ელემენტი და თუ ლიდერი დროზე ვერ მიხვდა, რომ ამ ტენდენციაში სიმართლის მარცვალია, მერე უკვე თვითონ იქნება მსხვერპლი. მე მგონი, ამ შემთხვევაშიც სიმართლე დაპირისპირებულების მხარეს დევს. ჩვენ გვინახავს პარტიები, რომლებიც ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და ამით მხოლოდ თავის თავს ავნეს, ვინაიდან პარლამენტს არ აჩერებს ასეთი ბოიკოტი, თუკი კვორუმი გროვდება. მეორე მხრივ, ბოიკოტიდან ერთი ნაბიჯია საპროტესტო აქციებამდე და უფრო ღრმა დესტაბილიზაციამდე, აბა, ქუჩაში მეტი რა უნდა გააკეთოს პარტიამ?! ამის მხარდამჭერი მოსახლეობა ნამდვილად არ არის. ასე რომ, პრაქტიკულად განწირულია მარგინალიზაციისკენ ის გზა, რომელიც ამ შემთხვევაში სააკაშვილს სურს. სააკაშვილი ყოველთვის რადიკალი იყო და ეს რადიკალობა საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა მთლიანობაში. ახლა თავისი პოლიტიკური ძალისგან ითხოვს რადიკალობას და ამ გუნდსაც ძვირად დაუჯდება, თუ აჰყვა სააკაშვილს", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" ის ფრთა, რომელიც პარლამენტში შესვლას ემხრობა, უფრო რეალისტურად აზროვნებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი.

"ამ დაპირისპირების დირიჟორი გიგა ბოკერიაა, როგორც ხმები ამბობენ, ამიტომ ვერ დავყავი ასე - ახალი და ძველი სახეები - დროის ნიშნით არ იყოფა, პოზიციის ნიშნით მეტ-ნაკლებად იყოფა. ახალი სახე სანდრა რულოვსია, როგორც პოლიტიკაში შესული პიროვნება, მაგრამ ისეთივე რადიკალური პოზიცია უკავია, როგორც მის მეუღლეს. ასე რომ, საკითხი ისმის სამომავლო პერსპეტივებზე. რა თქმა უნდა, ქარიზმატული ლიდერის გარეშე ამ გუნდს საკმაოდ გაუჭირდება, თუმცა მაშინ უბრალოდ თვითონ მოუწევს იმ პოლიტიკური მუხტის დაგროვება, რომლითაც მიიზიდავს ამომრჩეველს. სჯობს გაიყოს გზები და სააკაშვილთან ერთად დადგნენ რადიკალიზმის მომხრეები და ცალკე დანარჩენები, ვიდრე ისევ გაუგებრობა იყოს და ერთ დღეს რადიკალური იყოს პარტია, მეორე დღეს - კონსტრუქციული, ერთ დღეს სააკაშვილის ლოზუნგი ისმოდეს, მეორე დღეს - ბაქრაძის. გაურკვევლობას რამდენადაც მალე მოევლება და დაიწმინდება როგორც ერთი, ისე მეორე ნაწილის პოლიტიკური სახე, იმდენად მალე მიიღებს როგორც ერთი, ისე მეორე ნაწილი საზოგადოებისგან ლოგიკურ რეაქციას. სანამ ასეთი გაუგებრებობაა, სტრატეგიაც გაუგებარია და საზოგადოება ვერ გარკვეულა, რაც ჩანს კიდევ არჩევნების შედეგებში", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ამ ეტაპზე "ნაციონალურ მოძრაობაში" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიამ უარი უნდა თქვას პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე, რადგან არ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დარღვევებით ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია. მეორე ნაწილი აცხადებს, რომ მოპოვებული მანდატები უნდა მიიღონ, რადგან ბოიკოტი პარტიის მარგინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."