გია ხუხაშვილი - სააკაშვილმა იცის, რომ უკრაინაში პრობლემები აქვს და ნელ-ნელა კვდომას, ურჩევნია "გმირულად" გარდაიცვალოს და წავიდეს კრიზისზე

გია ხუხაშვილი - სააკაშვილმა იცის, რომ უკრაინაში პრობლემები აქვს და ნელ-ნელა კვდომას, ურჩევნია "გმირულად" გარდაიცვალოს და წავიდეს კრიზისზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო "ნაციონალური მოძრაობის" გახლეჩვას არ ელოდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხუხაშვილმა განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" სხვა პარტიებისგან განსხვავებით, საკმაოდ კარგადაა კონსოლიდირებული და მიხეილ სააკაშვილს აქვს იმის უნარი, რომ პარტიის შიგნით მისი სცენარის დამარცხება აღიაროს.

"დღეს ვხედავთ, რომ პარტიაში განვითარების 2 სხვადასხვა სცენარია. ერთი - პირობითად მიხეილ სააკაშვილის სცენარი, რომელიც ფორსირებულ და ძალიან მოკლევადიან კრიზისზეა ორიენტირებული. მისი მოტივაცია გასაგებია, რადგან მას ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ უკრაინაში პრობლემები აქვს და ასე ვთქვათ ნელ-ნელა კვდომას, ურჩევნია "გმირულად" გარდაიცვალოს და წავიდეს დიდ კრიზისზე. არის მეორე გზა - პირობითად ბოკერიას გზა, რომელიც 2020 წელს ხელისუფლებაში დაბრუნებაზეა ორიენტირებული. მე მეჩვენება, რომ სააკაშვილის მხარეს არგუმენტები უკვე ძალიან ცოტაა, ვინაიდან არჩევნებმა საერთაშორისო თანამეგობრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში ლეგიტიმაცია მიიღო, საზოგადოებაში რევოლუციური განწყობები არაა, შესაბამისად, დღეს კრიზისის ინიცირება საკმაოდ ხელოვნური იქნებოდა და ძალიან მაღალი რისკის შემცველი პარტიის მომავლისთვის. მე ვფიქრობ, პარტიაში ამ ეტაპზე მაინც გადაიხრებიან ბოკერიას გზისკენ და "ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად არ გაიხლიჩება. სააკაშვილსაც კი აქვს იმის უნარი, წაგებას რომ ხედავს, არ წავიდეს პარტიის გახლეჩვაზე და უკან დაიხიოს. მიუხედავად იმისა, რომ აზრთა სხვადასხვაობა დარჩება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მაინც კონსოლიდირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ ე.წ. სააკაშვილის სცენარის განვითარებაზე საუბარი ამ დროისთვის მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუკი "ქართული ოცნება" სხვადასხვა მეთოდებით "ნაციონალური მოძრაობის" განადგურების მცდელობას გააგრძელებს.

"არის ერთი ფაქტორი იმასთან დაკავშირებით, რატომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება გუშინ და რატომ სჭირდებათ დრო. მე ვფიქრობ, ისინი შეეცდებიან გარკვეული კონსულტაციები აწარმოონ "ქართულ ოცნებასთან" იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" მნიშვნელოვან საკითხებში, მათ შორის "რუსთავი 2"-ისა და პარტიის ლიდერების ციხეში ყოფნის თემებში სიცხადე შეიტანონ. თვითონ "ქართული ოცნებაც" დაინტერესებული უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" ამ გზით სიარულში. ვფიქრობ, 95%-ით "ნაციონალური მოძრაობა" კრიზისზე არ წავა, მაგრამ თუ ისინი იგრძნობენ, რომ "ქართული ოცნება" აპირებს სხვადასხვა მეთოდებით მათი განადგურების მცდელობას, ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ ეს გახდეს არგუმენტი პირობითად სააკაშვილის სცენარის განვითარების", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მეორე ტურებში "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების კონსოლიდირების შესაძლებლობას, პოლიტოლოგი ამას სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნავს, რომ მეორე ტურებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციულ რესურსს.

"ის რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს შესაძლებლობა სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლის კონსოლიდაცია მოახდინოს თავის სასარგებლოდ, მე ამასაც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ის პარტიები, რომლებსაც ჰყავდათ მცირე ელექტორატი რეგიონებში, ანტაგონისტურად არის განწყობილი "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხუხაშვილმა.

ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობაში" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიამ უარი უნდა თქვას პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე, რადგან არ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დარღვევებით ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია. მეორე ნაწილი აცხადებს, რომ მოპოვებული მანდატები უნდა მიიღონ, რადგან ბოიკოტი პარტიის მარგინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."