პარლამენტს მიღმა დარჩენილები - "ამომრჩეველს გაუჩნდა შიში... შესაძლოა, "ნაციონალებს" დაბრუნებაში "წავეხმაროო"

პარლამენტს მიღმა დარჩენილები - "ამომრჩეველს გაუჩნდა შიში... შესაძლოა, "ნაციონალებს" დაბრუნებაში "წავეხმაროო"

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მომავალი საპარლამენტო ცხოვრების სავარაუდო პერსპექტივაზე, ჟურნალი "გზა" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- პარლამენტს მიღმა დარჩენილ პარტიებზე, კონკრეტულად - რესპუბლიკურ პარტიასა და "თავისუფალ დემოკრატებზე" რას იტყვით? ისინი გამოკვეთილი ლიდერების სიმცირეს არ უჩივიან, მაგრამ ამომრჩეველში საჭირო მხარდაჭერას ვერ მიაღწიეს. რატომ?

- საკმაოდ რთული და კომპლექსური თემაა - ამას რაიმე ერთი ფაქტორი არ განსაზღვრავს. საერთოდ, ამ არჩევნების შედეგმა დაგვანახვა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის მოქმედებას უფრო ღრმა და ფართო ანალიზი სჭირდება... რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორ პოლიტიკურ პარტიას, ვაღიარებ - ძალიან მინდოდა და თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ბარიერს გადალახავდნენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათ ძალაუფლების ხელში ასაღებად არასდროს უბრძოლიათ. მათი მთავარი მიზანი - 5%-იანი ბარიერის გადალახვა იყო...

ნიშანდობლივია ისიც, რომ "ნაციონალებიდან" წამოსული ამომრჩეველი მათ ხმას არ მისცემდა. მათ თავიანთი მცირე, მაგრამ მყარი ელექტორატი ჰყავთ. შეიძლებოდა, "ქართული ოცნებიდან" წამოსულებს მიეცათ მათთვის ხმა. მათი წინასაარჩევნო სპეციფიკიდან გამომდინარე, ამომრჩეველს გაუჩნდა შიში - თუ ალასანიას ან "რესპუბლიკელებს" მივცემ ხმას და ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ, ჩემი ხმა დაიკარგება და შესაძლოა, "ნაციონალებს" დაბრუნებაში "წავეხმაროო". ამიტომ ასეთი არჩევანი გააკეთეს - ოღონდ "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ და არა უშავს, თუ ისინი პარლამენტს მიღმა დარჩებიანო... კიდევ ერთი: მათ საარჩევნო კამპანია ისე ვერ წარმართეს, როგორც საჭირო იყო, - "თავისუფალმა დემოკრატებმა" სოციალური თემა აირჩიეს, "რესპუბლიკელებმა" - თავისუფლება ანუ პოლიტიკურ არჩევნებზე აქცენტი ვერ გააკეთეს. მესამე ფაქტორი - მათ ამ ორი ძალის მიღმა დარჩენილ ამომრჩეველს არჩევანი ვერ განუსაზღვრეს.

"ქართულ ოცნებაზე" იმედგაცრუებული ამომრჩევლის მოსაზიდად, "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დაჰპირისპირებოდნენ, ანუ საზოგადოებისთვის უნდა გაეგზავნათ ასეთი მესიჯი: ჩვენ ვიბრძვით, რათა "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაშიო; ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი მხარს დაუჭერდა, მაგრამ არც ეს გააკეთეს. და ბოლოს, "თავისუფალი დემოკრატები" ვერ მოშორდნენ "კაბელების თემას". მესმის მათი და ადამიანურად, თანავუგრძნობ კიდეც, მაგრამ ეს პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯი იყო... "რესპუბლიკელებმა" გვიან დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია და ამან ისინი უკან დახია. საერთოდ კი, ჩვენ ვამბობთ, რომ ამომრჩეველი გაიზარდა, მაგრამ ძალიან მარტივ კითხვას დავსვამ: საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული სიით ვახტანგ ხმალაძე რომ ვერ გაიმარჯვებს, ის საზოგადოება პოლიტიკურად მომწიფებულია?.. პასუხი მკითხველისთვის მიმინდვია, მაგრამ ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."