PACE-ში ქართულმა დელეგაციამ უკრაინას მხარი არ დაუჭირა - რა განმარტებას აკეთებენ ხელისუფლებაში

PACE-ში ქართულმა დელეგაციამ უკრაინას მხარი არ დაუჭირა - რა განმარტებას აკეთებენ ხელისუფლებაში

საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია "უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს" (Doc. 14130), ხოლო მეორე - "უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამართლებრივ საშუალებებს" (Doc. 14139) შეეხება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დელეგაციის არცერთ წევრს არცერთი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის შემადგენლობით იმყოფება.

პლენარულ სხდომაზე ზუსტად უკრაინის საკითხის განხილვის დროს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა შვეიცარიელ კოლეგებთან, რაც არანაირად არ უნდა იყოს გაგებული უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯად, - ასეთი განმარტება გააკეთა მანანა კობახიძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

როგორც "ამბები.გე"-ს კობახიძემ განუცხადა, არჩევნებიდან მეორე დღეს ჩვენი სტრასბურგში ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო არჩევნებთან დაკავშირებით მონიტორინგის კომიტეტში მომხსენებლების მხიდან წარმოდგენილი ანგარიშის მოსმენა.

"ეს კონკრეტული საკითხი რომ არა, ჩვენ ამ საარჩევნო პერიოდში გაგვიჭირდებოდა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა და ეს სრულიად ბუნებრივია. უკრაინის საკითხის განხილვას იურიდიულ კომიტეტში დაესწრო ეკა ბესელია, როგორც ამ კომიტეტის წევრი და მხარიც დაუჭირა რეზოლუციას, ისევე, როგორც უკრაინელების მხრიდან მოთხოვნილ შესწორებებს. რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვას, ვინაიდან ჩვენ ზუსტად იმ დროს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა შვეიცარიელ კოლეგებთან, სამწუხაროდ, ვერ დავესწარით, რაც არანაირად არ უნდა იყოს გაგებული უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯად, მითუმეტეს, როცა რაიმე, წინასწარი კომუნიკაციაც კი უკრაინის მხრიდან არ ყოფილა ამ თემაზე, როგორც ამას დელეგაციები მიმართავენ, როგორც წესი. ასე, შესაძლოა, ვერც უკრაინელებმა ან რომელიმე სხვა მეგობარი ქვეყნის დელეგაციამ მიიღოს მონაწილეობა რაიმე საკითხის განხილვაში, როცა ამის სრულიად საპატიო მიზეზი არსებობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კომიტეტზე მათ ჩვენ მხარი დავუჭირეთ", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ქცევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ეკა ბესელიაც.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) უკრაინის დელეგაცია ძალიან აგრესიულად აფიქსირებს ჩვენს მიმართ პოზიციებს და ხშირად აშკარად "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციებს აფიქსირებს, საქართველოს დელეგაცია ყველა რეზოლუციის დროს უჭერდა მას მხარს", - განცხადა ეკა ბესელიამ.

მისი განმარტებით, უკრაინის შესახებ რეზოლუციას და ყველა შესწორებას მან მხარი დაუჭირა კომიტეტის სხდომაზე, ხოლო პლენარულ სესიაში მონაწილეობა ქართულმა დელეგაციამ შვეიცარია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრის გამო ვერ შეძლო.

"უკრაინის შესახებ რეზოლუცია ჯერ კომიტეტმა განიხილა და ყველა შესწორებას, რომელიც წარმოადგინა უკრაინულმა მხარემ, კომიტეტზე მე პირადად დავუჭირე მხარი. ასე რომ, კომიტეტზე მათ მხარდაჭერა ჰქონდათ პირადად ჩემგან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დელეგაცია ძალიან აგრესიულად და ნეგატიურად აფიქსირებს ჩვენს მიმართ პოზიციებს. ისინი ხშირად აშკარად ახმოვანებენ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციებს, რაც ჩრდილს აყენებს იმ კეთილგანწყობას, რაც ჩვენ გვაქვს მათ მიმართ. საქართველოს დელეგაცია ყოველთვის უჭერდა მათ მხარს ყველა რეზოლუციის დროს. რაც შეეხება ამ სესიას, ჩვენ გვქონდა შეხვედრა შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლებთან. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ვხვდებოდით, რომელიც იმავდროულად არის ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელი და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავდით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

განცხადებას ავრცელებს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დელეგაციის კიდევ ერთი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე:

"ეს გახლავთ უკრაინელი გმირი ქალი, ყველასათვის კარგად ცნობილი ნადია სავჩენკო. იგი პირად საუბრებშიც ძალიან, ძალიან პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამბობს, თუ პუტინი ისევ ომს დაიწყებს, აუცილებლად შტურვალს დავუბრუნდებიო. ძალიან თბილი თანამოსაუბრეა. ვთანხმდებით, რომ წარსულის მახინჯ პრაქტიკაზე უარი უნდა ვთქვათ და ასამბლეაში ერთმანეთს არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე აქტიურად უნდა დავუჭიროთ მხარი. დღეს უკრაინის დელეგაციის მიერ შემოთავაზებულ წერილობით რეზოლუციებს შევუერთდით. სწორედ ნადია სავჩენკომ მოგვმართა თხოვნით და ჩვენც, რა თქმა უნდა, შევუერთდით. რაც შეეხება გუშინდელ რეზოლუციას, უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, რაზეც ჭორიკნებმა ერთი ამბავი ატეხეს, კენჭისყრის დროს ჩვენი დელეგაცია შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა და შესაბამისად, დარბაზში არ ვიმყოფებოდით, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტზე კი უკრაინელების ყველა შესწორებას დავუჭირეთ მხარი და გუშინ რეზოლუცია სწორედ ისეთი სახით გავიდა, რასაც მხარი დავუჭირეთ კომიტეტზე. სავჩენკო დამეთანხმა, რომ უკრაინის დელეგაციას მეტი ორგანიზებულობა და აქტიურობა მართებდა კენჭისყრაზე მომხრეთა (მათ შორის ჩვენი) კონსოლიდაციისთვის. დიახ, ეს მიღებული პრაქტიკაა აქაც. ქვეყანა, რომელსაც ინტერესი აქვს საკუთარი რეზოლუცია გაიტანოს, ამაზე მუშაობს აქტიურად. ჩვენთვის უკრაინელებიდან არავის მოუმართავს გუშინ არ გამოგვრჩენოდა კენჭისყრა დატვირთული დღის წესრიგის გამო. როგორც გითხარით, არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, მაგრამ ზემოხსენებულ კომიტეტზე მაინც აქტიურად დავუჭირეთ უკრაინელებს მხარი ყველანაირი თხოვნის გარეშე. დღეს კი ნადია სავჩენკოს თხოვნასაც ასევე სიამოვნებით გამოვეხმაურეთ და წერილობით რეზოლუციებს მივუერთდით ჩვენი ხელმოწერებით", - აცხადებს კვაჭანტირაძე და დასძენს, რომ "ვინც ამ თემაზე სპეკულირება მოინდომა, უბრალოდ უსინდისოა".

კვაჭანტირაძის აზრით, ამ თითიდან გამოწოვილი თემით წარმატებულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო სტრასბურგში მიღებული უაღრესად პოზიტიური მესიჯების და მოლოცვების გადაფარვა ხდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."