რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი

რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის, ასევე, სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 19 ოქტომბერს, პრაღაში გაიმართა, ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

"შეხვედრაზე განიხილეს პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთქმედების გაღრმავების პერსპექტივები. მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით. აღინიშნა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კონტაქტების განვითარებას. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ. პოზიტიურად შეფასდა ის გარემოება, რომ უახლოეს პერიოდში, ქართული ფილმების არქივის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების პროცესი დაიწყება, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიაწვდის. შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა 2011 წელს "საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე რუსეთის მხარის კონკრეტულ ინფორმაციას ელოდება. შეხვედრისას ასევე განიხილეს ჰუმანიტარული - კერძოდ, საქართველოს იმ მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში, ჯაშუშობის ბრალდებით, სასჯელს იხდიან. აღინიშნა, რომ განვლილ პერიოდში საკუთარ ოჯახს საქართველოს 7 მოქალაქე დაუბრუნდა. რუსული მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."