ეკა ბესელია - საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფი, ცხადია, საპარლამენტო ფორმატში შეიქმნება

ეკა ბესელია - საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფი, ცხადია, საპარლამენტო ფორმატში შეიქმნება

საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფი, ცხადია, საპარლამენტო ფორმატში შეიქმნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო ცლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნის ინიციატივის შეფასებისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით დაიწყება.

"ჩავატაროთ მე-2 ტური და დაველოდოთ არჩევნების საბოლოო შედეგს. როცა შეიკრიბება პარლამენტი და დაიწყებს კანონებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას, ყველაფერი დადგენილი პროცედურებით წარიმართება, როგორც ამას კანონი და კონსტიტუცია ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფი, ცხადია, საპარლამენტო ფორმატში შეიქმნება. შესაძლო ცვლილებების განხილვაში ჩართული იქნება, როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო სექტორი, პრეზიდენტი და ყველა სხვა დაინტერესებული მხარე. ცვლილებების მიღება მოხდება მაქსიმალური კონსესუსის შედეგად", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, დეტალებზე შეჯერება მოგვიანებით, ყველა საარჩევნო პროცესისა და პარლამენტის შეკრების შემდეგ მოხდება.

"საკონსტიტუციო კომისია უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენციისა და სპეციალისტებით დაკომპლექტებული და რასაკვირველია, ყველას აქვს მოსაზრების მიწოდების უფლება კომისიისთვის. საბოლოოდ მაინც სახალხო განხილვით სრულდება და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბესელიამ.

გუშინ, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. პრემიერის ინიციატივას პრეზიდენტი გამოეხმაურა, რომელიც მზადაა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს, თუმცა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ დღეს გააკეთა განცხადება, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით სპეციალური კომისია პარლამენტმა უნდა შექმნას და არა პრეზიდენტმა. ვოლსკის აზრით, კონსტიტუციით პრეზიდენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების გათვალისწინებით, ის ასეთ კომისიას ვერ შექმნის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."