ირაკლი კობახიძე - საკანონმდებლო პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ერთადერთი ფორმა არის ვეტოს დადება

ირაკლი კობახიძე - საკანონმდებლო პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ერთადერთი ფორმა არის ვეტოს დადება

პარლამენტი უნდა იყოს წამყვანი ორგანო, რომელიც გაუძღვება საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციის ლოგიკა მოითხოვს იმას, რომ პარლამენტს უნდა დაეკისროს წამყვანი როლი ამ ყველაფერში. რაც შეეხება პრეზიდენტის როლს, კობახიძის თქმით, პრეზიდენტის როლიც არის კონსტიტუციით განსაზღვრული კანონპროექტებთან და კონკრეტულად, საკონსტიტუციო კანონპროექტებთან მიმართებითაც.

"კერძოდ, 2013 წლამდე, ვიდრე სააკაშვილი შეიტანდა კონსტიტუციაში ცვლილებებს, პრეზიდენტს ჰქონდა კანონპროექტის ინიცირების უფლება და ეს უფლება მას აღარ აქვს მოქმედი კონსტიტუციით. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ცვლილება შეიტანა თავის დროზე კონსტიტუციაში. საკანონმდებლო პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ერთადერთი ფორმა არის ვეტოს დადება. ანუ, ლოგიკა არის მთლიანად ასეთი აგებული ჩვენს კონსტიტუციაში, პრეზიდენტი წინასწარ არ ერთვება კანონპროექტის შემუშავების პროცესში. ის ერთვება მხოლოდ ბოლოს. პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ეს არის წამყვანი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეს არის უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო, აქედან გამომდინარე, არანაირი ეჭვი არ შეიძლება გაჩნდეს პარლამენტის მიერ დაფუძნებული ფორმატის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არის, რაზეც ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ფორმატი, რომელიც ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მისცემს მასში ჩართულობის შესაძლებლობას.

"ეს მოგვცემს ჩვენ ყველას კონსენსუსის საფუძველზე ახალი დოკუმენტის - გადასინჯული კონსტიტუციის მომზადების შესაძლებლობას. ეს არის მთავარი ამოცანა, მთავარი მიზანი და ამაზე ისაუბრა სწორედ პრემიერ-მინისტრმა. მას არ დაუკონკრეტებია ზუსტად შინაარსი ამ ფორმატის, თუმცა, რაც შეეხება პრინციპებს, პრინციპი ნამდვილად ასეთია, პარლამენტი უნდა იყოს წამყვანი ორგანო, რომელიც გაუძღვება ამ პროცესს და ეს ყველაფერი გამომდინარეობს მოქმედი კონსტიტუციის ლოგიკიდან.

ჩვენ ვიცით, ვის აქვს საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით ინიციატივის წარდგენის უფლება და ეს ლოგიკა, რომელიც ჩადებულია კონსტიტუციის შესაბამის ნორმებში, მოითხოვს სწორედ პარლამენტის მიერ ინიციატივის აღებას. თქვენ გახსოვთ, რომ 2014 წელს, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, სწორედ ამ ლოგიკით ჩამოყალიბდა ეს კომისია და მაშინ ამ ფორმატთან დაკავშირებით ეჭვები არავის შეუტანია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტა ამ საკითხის იყო სწორედ პარლამენტის მიერ ასეთი ფორმატის შექმნა. მაშინ ეს ფორმატი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით კონსტიტუციაში ცვლილებებს განახორციელებს".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."