ეკა ბესელია - თუ სამუშაო ჯგუფია, მისი შექმნა არათუ პრეზიდენტს, არავის ეზღუდება, მაგრამ სახელმწიფო კომისიას ქმნის პარლამენტი

ეკა ბესელია - თუ სამუშაო ჯგუფია, მისი შექმნა არათუ პრეზიდენტს, არავის ეზღუდება, მაგრამ სახელმწიფო კომისიას ქმნის პარლამენტი

საკონსტიტუციო კომისია, როგორც წესი, პარლამენტში უნდა შეიქმნას, რადგან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო არის ყველაზე მაღალი ლიგიტიმაციის მატარებელი, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა ეკა ბესელიამ PalitraNews-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება პროცესში პრეზიდენტის ჩართვას, ბესელიას განმარტებით, არავის ჰქონია სხვა პოზიცია, რომ პრეზიდენტი ან მისი წარმომადგენელი ჩაერთვებოდა კომისიაში.

”ასე იყო აქამდე და ასეც იქნება მომავალში. მას ბუნებრივია ექნება შესაძლებლობა კომისიის ფარგლებში თავად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა. ზოგადად, თქვენ იცით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება კონსტიტუციით არის გაწერილი და არის ამომწურავი ჩამონათვალი. როგორც წესი არ შეიძლება ამ უფლებამოსილების გარდა რაიმე სხვა უფლებამოსილება დაემატოს პრეზიდენტს.

დღეს იყო განცხადებები, რომ შეიძლება თუ არა ცალკე კომისია შექმნას პრეზიდენტმა და ა.შ. ზოგადად თუ ეს არის სამუშაო ჯგუფი, არათუ პრეზიდენტს, არავის ეზღუდება სამუშაო ჯგუფების შექმნა, მაგრამ თუ ვსაუბრობთ სახელმწიფო კომისიის შექმნაზე, როგორც წესი, ამას საკანონმდებლო ორგანო აკეთებს.

როდესაც ”ნაციონალური მოძრაობის” დროს პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეიკვეცა და დაკნინდა, ერთ-ერთი უფლება, რაც წაართვეს მაშინ პრეზიდენტს, იყო საკანონდებლო ინიციატივის უფლება. პრეზიდენტს არ აქვს უფლება პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს. ის საკანონმდებლო პროცესში ერევა მხოლოდ ბოლოს, როდესაც ხელს აწერს ან ვეტოს ადებს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით კონსტიტუციაში ცვლილებებს განახორციელებს“.

პრემიერის ინიციატივის შემდეგ ცნობილი გახდა გიორგი მარგველაშვილის პოზიციაც. პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."