კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კვლავ მოწინავე პოზიციებზეა

კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კვლავ მოწინავე პოზიციებზეა

კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველომ შარშანდელთან შედარებით მაჩვენებლები გააუარესა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კვლავ მოწინავე პოზიციები უკავია.

ასეთია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის" (WJP) კანონის უზენაესობის 2016 წლის ინდექსი, რომლის მიხედვით, საქართველომ, 113 ქვეყანას შორის 34-ე ადგილი დაიკავა. შარშან, ანალოგიურ ინდექსში საქართველოს, 102 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი ეკავა.

ამის პარალელურად ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიაში, კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს პოზიცია ყველაზე მაღალია.

კანონის უზენაესობის ინდექსის შედგენისას, გათვალისწინებულ იქნა ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა სახელისუფლებო ინსტიტუტების უფლებამოსილების შეზღუდვა, მთავრობის ღიაობა, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, ფუნდამენტალური უფლებების დაცვა, კორუფციის არარსებობის დონე და სხვა.

აქედან, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საქართველოს კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს, ყველაზე დაბალი კი, სახელისუფლებო ინსტიტუტების უფლებამოსილების შეზღუდვის კუთხით, ასევე ფუნდამენტალური უფლებების დაცვისა და სამოქალაქო მართლმსაჯულების კუთხით.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, თურქეთი 99-ე ადგილზე, მოლდოვა 77-ზე, უკრაინა 78-ზე, ბელორუსი 57-ზე, რუსეთი კი 113 ქვეყანას შორის 92-ე ადგილზე მოხვდა.

პირველ ადგილს იკავებს დანია, მეორეს ნორვეგია, მესამეს კი ფინეთი. რეიტინგის ბოლო სამეულში მოხვდნენ ავღანეთი, კამბოჯა და ვენესუელა.

ანგარიშის მომზადება ყოველწლიურად ბილ და მელინდა გეითსების ფონდიდან ფინანსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."