საია - ხმების დათვლის პარალელურად, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა და პოლიციაა მობილიზებული

საია - ხმების დათვლის პარალელურად, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა და პოლიციაა მობილიზებული

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შეფასებით, მარნეულში საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ადგილი აქვს ამომრჩეველთა დიდი რაოდენობით მობილიზებას, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს, ადგილზე წარმოდგენილია პოლიციაც. ამის შესახებ საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც 21:00 საათისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ასახავს.

"დასრულდა უბნებზე ხმის მიცემის პროცესი. მიმდინარეობს ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი. ამ დროისათვის მარნეულის #48-ე, ზუგდიდის #38-ე, #108-ე და #79-ე უბნების გარე პერიმეტრზე ადგილი აქვს ამომრჩეველთა დიდი რაოდენობით მობილიზებას, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ადგილზე წარმოდგენილია პოლიციაც. მოვუწოდებთ პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, დაელოდონ ხმების დათვლას და შედეგების შეჯამებას მშვიდ ვითარებაში.

ამ ეტაპზე საია-ს დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა - სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი დამკვირვებლებს შორის. კერძოდ, ზუგდიდის #108 უბანზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შორის. სადამკვირვებლო ორგანიზაციის "თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის" დამკვირვებელმა მითითება მისცა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს შეეწყვიტა ხმის მიცემის პროცესი 19:57 წთ-ზე. ამ მითითებას გამოეხმაურა სადამკვირვებლო ორგანიზაციის "ყველა ერთად" წარმომადგენელი. მან შენიშვნა მისცა "თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის" დამკვირვებელს, თუ რატომ ერეოდა ის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებაში, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დაფიქსირდა ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა. კერძოდ, ზუგდიდის #38 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გაუკეთეს მარკირება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველი იყო დევნილი და მას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად არ ჰქონდა თან დევნილის მოწმობა, რაც საჭიროა დევნილი პირისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მოქალაქეს განუმარტეს, რომ მას შეეძლო ეთხოვა ახლობლებისთვის მიეწოდებინათ დევნილის მოწმობა. მოქალაქე წავიდა და მოიტანა უბანზე დევნილის მოწმობა. თუმცა ვინაიდან მას მარკირება გაკეთებული ჰქონდა, კომისიამ აღარ მიაღებინა მოქალაქეს კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას წარმომადგენელმა შენიშვნა დააფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. (ზუგდიდის #79-ე და #108 უბნები).

დაახლოებით 18:00 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება 10-15 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე, რასაც არ მოუხდენია გავლენა საარჩევნო პროცედურების წარმართვაზე.

ამ დროისთვის ზემოთაღნიშნულ დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა 2 საჩივარი წარადგინეს (ერთსადაიმავე დარღვევაზე უბანზე და ოლქში) და 3 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში მარნეულის საარჩევნო უბანზე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების განმეორებით კენჭისყრას ორი საარჩევნო ოლქის ოთხ საარჩევნო უბანზე აკვირდება. ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელიც გაიმართება №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული), ასევე №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი), სადაც გაიმართება, როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

"განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."