ლორა თორტონი - ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა

ლორა თორტონი - ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა

ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა და არასდროს გვითქვამს მსგავსი რამ, - ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორტონმა განაცხადა და ორგანიზაციის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.

როგორც ლორა თორტონმა "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, NDI-ის განცხადებაში საუბარი იყო მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების საფრთხეზე იმ შემთხვევაში, თუკი 8 ოქტომბერს დაფიქსირებული ხარვეზები არ გამოსწორდებოდა.

"ძალიან დიდი გაურკვევლობა გამოიწვია ჩვენმა განცხადებამ - 8 ოქტომბერს ჩატარებულმა პროცესმა გამოხატა ხალხის ნება. ამ პროცესის ლეგიტიმურობა ჩვენ ეჭვქვეშ არასდროს დაგვიყენებია და არასდროს გვითქვამს მსგავსი რამ. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ არსებობდა პროცესში პრობლემები. მაგალითად, ადმინისტრაციული პრობლემები, რომლებიც უბნებზე იყო და აღვნიშნეთ, რომ შესაძლოა ამან მომავალში, ჰიპოტეტურად შეუქმნას პრობლემები იმას, რომ არჩევნები ჩატარდეს კარგად, შეიძლება ვინმემ ამით მანიპულაცია სცადოს. მომავალ არჩევნებზე გვაქვს საუბარი - საპრეზიდენტო, ადგილობრივი არჩევნები საჭიროებს რაღაც ტიპის გაუმჯობესებას საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით", - განაცხადა ლორა თორტონმა.

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, 8 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

"თუმცა, ჩვენ გავეცით გარკვეული რეკომენდაციები მეორე ტურთან დაკავშირებით და მოვუწოდეთ პარტიებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროცესში ჩართულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან. ამასთან, ცესკოს წარმომადგენლებმა გაიარონ დამატებითი ტრენინგები: შესაძლოა მათ დასჭირდეთ დახმარება, რომ მათი საქმიანობა იყოს უფრო მეტად გამართული...

მინდა პარტიებს და სხვა ჯგუფებს მოვუწოდო, მისცენ ადამიანებს საშუალება მაქსიმალურად თავისუფლად გამოხატონ ის ნება და არჩევანი, რაც მათ გააჩნიათ. მინდა ქართველებს მოვუწოდო - წადით არჩევნებზე, განახორციელეთ თქვენი მოქალაქეობრივი უფლება და მიეცით ხმა. მე მინდა მოვუწოდო აქტივისტებსაც, შექმნან მშვიდი და კომფორტული გარემო იმისთვის, რომ ქართველებმა შეძლონ თავიანთი არჩევანის გაკეთება", - აღნიშნა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ თუკი 8 ოქტომბერს გამოვლენილი ხარვეზები უყურადღებოდ დარჩებოდა, შესაძლოა მომავალი პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. NDI-ის ამ განცხადებას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."