მანანა კობახიძე - დღეს ძალიან რეალური გახდა, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს

მანანა კობახიძე - დღეს ძალიან რეალური გახდა, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს

არჩევნებმა ყოველგვარი ექსცესების და დაძაბულობის გარეშე ჩაიარა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ ზუგდიდსა და მარნეულში ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

დეპუტატის თქმით, დღეს ძალიან რეალური გახდა, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და ეს სწორედ აღნიშნული პარტიის მიერ გაწეული შრომის დამსახურებაა.

"არჩევნები მთელი დღის განმავლობაში მშვიდად მიმდინარეობდა, ყველაფერმა ყოველგვარი ექსცესებისა და დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ყველაფერს ვაკეთებთ უკეთესი მომავლის სასარგებლოდ. შედეგებით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ. მოსახლეობის მხარდაჭერა იყო ადექვატური და ეს ყველაფერი აისახა კიდეც შესაბამის ხმათა რაოდენობაში", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ 30 ოქტომბერს "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს. რაც შეეხება იმას, რომ მარნეულის #48 უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზეა საუბარი და ერთი უბანი გადამწყვეტი არ იქნება.

"ქართულ ოცნებას" აქვს მტკიცე მხარდაჭერა, მითუმეტეს მაშინ, როცა არჩევანი გასაკეთებელია "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ჩვენ უპირობოდ გავიმარჯვებთ. 30 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომელიც ღირსეულად მოვიპოვეთ გამომდინარე იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან, რომელიც გავატარეთ. ჩვენ ბარიერი დავაწესეთ, რამაც განაპირობა არჩევნების მეორე ტური ანუ ეს არ არის სახელდახელო გამარჯვება", - აღნიშნა კობახიძემ.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ეწევა ქვეყნის კეთილდღეობისთვის და უკეთესი მომავლისთვის სამუშაოს და ეს ამომრჩეველმა კარგად დაინახა.

მისივე განცხადებით, ქართველი ხალხი თავის თავზე იგრძნობს ყველა სიკეთეს, რომელსაც "ქართული ოცნება" ქვეყანას მოუტანს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."