"ნაციონალი" ლიდერები სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

"ნაციონალი" ლიდერები სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. როგორც რულოვსმა "ოდიში ნიუსთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა მისთვის შეურაცხმყოფელია.

საარჩევნო სიის მეორე ნომრის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. როგორც გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას. მისივე თქმით, პარტია არ იზიარებს სანდრა რულოვსის პოზიციას და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტიულების თანახმად იმოქმედებს.

"პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტურებში მონაწილეობაზე. აქედან გამომდინარე ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი. მეტიც, ის აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას. ბუნებრივია, ჩვენ ყველამ ვიცოდით წინასწარ, რომ ივანიშვილი დაგვიპირისპირებდა უკიდურეს ძალადობას, მანიპულაციას და დაშინებას და აქ ახალი არაფერი მომხდარა.

ის, რომ ბრძოლას აქვს აზრი, ყველაზე მეტად დაადასტურა გუშინ მარნეულის ამომრჩეველმა. ჩვენ ვთვლით, რომ ამომრჩევლის დაცვა არის არა მათი ბრძოლიდან არიდება, არამედ ბრძოლაში მათ გვერდით დგომა და მასთან ერთად გამარჯვების მიღწევა. ჩვენ გონივრულად გადავანაწილებთ ძალებს. შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში - ეს ყველაფერი სანდრას უნდა ჰკითხოთ. მისი გადასაწყვეტია. მან მიიღო პირეველი გადაწყვეტილება, მიიღებს ალბათ მეორე გადაწყვეტილებასაც. თუმცა პარტიის გადაწყვეტილება განისაზღვრა პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივყვებით", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

როგორც პარტიის კიდევ ერთმა წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო მეორე ტურში მონაწილეობის გადაწყვეტილება. "ჩვენ ვიბრძოლებთ მეორე ტურში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ივანიშვილს არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ივანიშვილი გამოიყენებდა ყველა მეთოდს და იქნებოდა დაშინება, ძალადობა. ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაცვა არის ისეთი საქციელი, როგორიც მოხდა გუშინ, მარნეულში, სადაც ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან დაცული.

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი. ზუგდიდი არის რეგიონი, რომელშიც ჩვენ, როგორც წესი, გვაქვს და გვქონდა გამარჯვების მაღალი ალბათობა", - განაცხადა სერგო რატიანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."