გია ხუხაშვილი - ვფიქრობ, „ნაციონალებს“ ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ლიდერის შენარჩუნება, მიუხედავად მისი სიგიჟეებისა, აუცილებელია

გია ხუხაშვილი - ვფიქრობ, „ნაციონალებს“ ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ლიდერის შენარჩუნება, მიუხედავად მისი სიგიჟეებისა, აუცილებელია

თავად სანდრა რულოვსმა თუ თქვა უარი სიის მეორე ნომრობაზე, აბსოლუტურად ლოგიკური იქნება, მაგრამ მე არ მგონია, რომ თავად პარტია წავიდეს ამ ტიპის კონფრონტაციაზე, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე სანდრა რულოვსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, სიახელე არაა ის, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური პროცესების წარმართვის შესაძლო სცენარებზე აზრთა სხვადასხვაობაა და რულოვსის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სცენარებიდან ერთ-ერთს უკავშირდება.

”ნაციონალებში” ორი განსხვავებული პოზიცია რომაა, დიდი ხანია ცნობილია - ერთი ფორსირებული სცენარი, პირობითად რულოვსის მეუღლის სცენარი და მეორე გრძელვადიანი პოლიტიკური სცენარი, პირობითად ბოკერიას სცენარი. მიუხედავად იმისა, რომ ამან სერიოზული განხეთქილება არ გამოიწვია და მიხეილ სააკაშვილმა უკან დაიხია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი არ შეეცდება საკუთარი არგუმენტის გამოყენებას სამომავლოდ შიდაპარტიულ ბრძოლებში. სააკაშვილი რჩება საკუთარ აზრზე და როგორც ჩანს, სანდრა რულოვსიც მიიჩნევს, რომ უფრო ფორსირებული სცენარით უნდა წასულიყო პოლიტიკური პროცესი და მისი გადაწყვეტილება, შედარებით რბილი, არააგრესიული ფიქსაციაა ამ პოზიციის, რაც სამომავლოდ შეიძლება პარტიისთვის შეხსენებული იყოს. შეიძლება ითქვას, რომ კონცეპტუალური კონფლიქტი გარკვეულწილად კონსერვაციის მდგომარეობაშია, თუმცა ამის მიუხედავად ასეთი გამოტყორცნები დრო და დროს ხდება ხოლმე და ახლა სწორედ ეს მოხდა ჩემი აზრით”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება ”ნაციონალურ მოძრაობას” გარკვეულწილად დააზარალებს.

”ნაციონალურმა მოძრაობამ” რადგან გამოაცხადა არჩევნებში ბრძოლის გზა, ასეთ ვითარებაში ვიღაცის მიერ ბრძოლის გაგრძელებაზე უარის თქმა, პრობლემატურია მეორე ტურების წინ, რადგან ეს საბრძოლო განწყობას აზიანებს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნების საერთო სურათს ვერ შეცვლის, რადგან ”ქართული ოცნება” დიდი ალბათობით გაიმარჯვებს”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მოსალოდნელ საპასუხო ნაბიჯს, ხუხაშვილს არ ჰგონია, რომ პასუხი სანდრა რულოვსის სიის მეორე ნომრიდან მოხსნა იყოს.

”თავად თუ თქვა უარი, ეს აბსოლუტურად ლოგიკური და შესაძლებელია, მაგრამ თავად პარტია რომ წავიდეს ამ ტიპის კონფრონტაციაზე, მე არ მგონია. ამ კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, ვფიქრობ, პირობითად ბოკერიას მშვენივრად ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის შენარჩუნება, როგორც ლიდერის ”ნაციონალური მოძრაობის” დროშაზე, მიუხედავად მისი სიგიჟეებისა, ექსცენტრულობისა და ხშირ შემთხვევაში არაადეკვტურობისა, აუცილებელია”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა.

”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება რულოვსმა ზუგდიდი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარული ოლქის სამ უბანზე ჩატარებული ხელახალი არჩევნების დასრულების შემდეგ გააჟღერა. მის ამ გადაწყვეტილებას ”ნაციონალურ მოძრაობაში” უარყოფითი შეფასება მოჰყვა. პარტიის ლიდერების აზრით, ყოფილი პირველი ლედის გადაწყვეტილება, პარტიისთვის გარკვეულწილად დამაზიანებელია.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."