ბიზნესის წარმოების მსოფლიო რეიტინგში საქართველო შვიდი პოზიციით დაწინაურდა

ბიზნესის წარმოების მსოფლიო რეიტინგში საქართველო შვიდი პოზიციით დაწინაურდა

ბიზნესის წარმოების რეიტინგში, ერთ წელიწადში შვიდი პოზიციით გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიცია და გადავედით მე-16 ადგილზე, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც მსოფლიო ბანკის 2017 წლის ანგარიშზე ისაუბრა.

ქუმსიშვილის შეფასებით, საქართველოს წლევანდელი წარმატება განპირობებულია მთავრობის კოორდინებული და ეფექტური მუშაობით.

"ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული ხუთი რეფორმით საქართველო მსოფლიოში 190 ქვეყანას შორის კვლავ მთავარ ათ რეფორმატორს შორის არის. წინა წლებთან შედარებით, 2017 წელს საქართველომ გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად გერმანია, რომელიც მე-17 ადგილზეა და ირლანდია, რომელიც მე-18 ადგილზეა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, რეიტინგის მიხედვით, საქართველო ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მესამე პოზიციაზეა, ათიდან რვა ინდიკატორში კი ხუთეულშია, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის ინდიკატორში პირველ ადგილზეა, საქართველოს მსგავსი ეროვნული შემოსავლის მქონე 51 ქვეყანას შორის კი მეორე ადგილზეა. ქუმსიშვილის თქმით, მშენებლობის და ქონების რეგისტრაციის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა. საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 7 ინდიკატორში 11 კომპონენტში, ხოლო საქართველოს ქულა გაუმჯობესებულია 7 ინდიკატორში.

"მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშით "Doing Business 2017" საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული - ნაცვლად შარშანდელი 23-ე ადგილისა, ჩვენ მე-16 ადგილზე გადავინაცვლეთ. აქვე დავაზუსტებ, დაბნეულობა რომ არ შევიტანო თქვენში, რადგან დარწმუნებული ვარ, გემახსოვრებათ - შარშანდელი წელი 24-ე ადგილით დაიხურა. მსოფლიო ბანკმა ეს მონაცემი მოგვიანებით თავადვე დააზუსტა და 24-ეს ნაცვლად საქართველომ 23-ე ადგილზე გადაინაცვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, შარშანდელი მონაცემები ერთბაშად 7 ადგილით გავაუმჯობესეთ და შესაბამისად, საქართველო "Doing Business 2017"-ის რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის (მაკედონიისა და ლატვიის შემდეგ). სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველო იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დასახელებულია, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით.

საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის კოორდინირებულმა და ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 5 რეფორმით საქართველო მსოფლიოში 190 ქვეყანას შორის კვლავ 10 ტოპ-რეფორმატორთა შორისაა.

წინა წელთან შედარებით 2017 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია (მე-17 ადგილი), ირლანდია (მე-18 ადგილი), ავსტრია (მე-19 ადგილი), ისლანდია (მე-20 ადგილი), ლიტვა (21-ე ადგილი), კანადა (22-ე ადგილი), მალაიზია (23-ე ადგილი), პოლონეთი (24), პორტუგალია (25), ჩეხეთის რესპუბლიკა (27), ნიდერლანდები (28), საფრანგეთი (29), სლოვენია (30), შვეიცარია (31), ესპანეთი (32), სლოვაკეთი (33), იაპონია (34), ყაზახეთი (35), რუმინეთი (36), ბელარუსი (37), სომხეთი (38), ბულგარეთი (39), რუსეთი (40), უნგრეთი (41), ბელგია (42), ხორვატია (43), მოლდოვა (44), სერბეთი (47), იტალია (50), მონტენეგრო (51), ისრაელი (52), აზერბაიჯანი (65), თურქეთი (69), უკრაინა (80) და სხვა.

საქართველო 5 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ქონების რეგისტრაცია (მე-3 ადგილი), კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი), მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-7 ადგილი), ბიზნესის დაწყება (მე-8 ადგილი) და მშენებლობის ნებართვა (მე-8 ადგილი).

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით, საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე პოზიციაზე იმყოფება და 10-დან 8 ინდიკატორში ტოპ ხუთეულში, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის ინდიკატორში პირველ ადგილზეა. საქართველოს მსგავსი ეროვნული შემოსავლის (upper middle income) მქონე 51 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა, ხოლო მშენებლობის და ქონების რეგისტრაციის ინდიკატორების მიხედვით პირველ ადგილზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 7 ინდიკატორში და 11 კომპონენტში, ხოლო სარეიტინგო ქულა - 7 ინდიკატორში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განმარტებით, 2017 წლის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია, რომელთა შორისაც ქუმსიშვილმა ქონების რეგისტრაცია, მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა, ვაჭრობა საზღვრებს შორის, გადასახადების გადახდა და ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით განხორციელებული რეფორმები დაასახელა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."