დიმიტრი შაშკინი - კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტისას დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს

დიმიტრი შაშკინი - კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტისას დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის აზრით, კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტისას დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს.

როგორც შაშკინმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო რომან შენგელიას განცხადება იმის თაობაზე, რომ გამოძიებას ენდობა.

"მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ამ ოჯახს, სადაც არის დიდი უბედურება. მოგეხსენებათ, რომ ამ ბატონის მეორე შვილი მსახურობს ამ ბაზაზე. ცოცხალი ადამიანიც არის ხომ? მის ბედზე ვსაუბრობთ და აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ გამოყენებული იქნება ყველა ბერკეტი, რათა ოჯახი გაჩუმდეს", - აღნიშნა შაშკინმა.

მისი აზრით, თავდაცვის სამინისტრო ახლა ცდილობს სისტემური პრობლემის დამალვას, რომელიც უცხო პირების სამხედრო ბაზაზე შესვლას ეხება და რასაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.

"კრიტიკული აზროვნება ოდნავაც რომ გამოიყენოთ, თქვენ მიხვდებით, თუ რას აკეთებს ახლა თავდაცვის სამინისტრო. პირველ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა, საუბარი იყო თავდასხმაზე კრწანისის სასწავლო ცენტრზე. მერე ეს შეიცვალა და ახლა გამოძიება ხელოვნურად მიჰყავთ ქურდობისკენ ან ძარცვისკენ. ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დაიმალოს ის პრობლემა, რომელიც იქ არსებობს. ნებისმიერი პროფესიონალი გეტყვით, რომ აქ არის საუბარი უცხო პირთა შესვლაზე სამხედრო ბაზაზე. სავარაუდოდ, ეს იყო სისტემატური ხასიათის. ქუჩიდან თქვენ იქ ვერ შეხვალთ. ეს არ არის რუსთაველის "მაკდონალდსი", სადაც როდესაც გინდა შეხვალ, როდესაც გინდა, გამოხვალ. მოშორებულია ტრასიდან. ბაზა არის დაცული. ბაზის გარშემო დამაგრებულია სათვალთვალო კამერები. არის რამდენიმე საგუშაგო, არსებობს თავდაცვის ზღუდეები. გასროლა მოხდა არა საგუშაგოებიდან, რომელიც პერიმეტრს იცავს, არამედ თვითონ ტერიტორიაზე. ყველა პროფესიონალი, ვისაც ვესაუბრე, თანხმდება, რომ შემთხვევით გუშაგმა ეს ხალხი დაინახა. აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა მათი შეხვედრა და გუშაგმა სამწუხაროდ, ესროლა, მაგრამ ის არამარტო უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო, გამოეყენებინა ცეცხლსასროლი იარაღი. მთელი პრობლემა არის ის, რომ სისტემური დანაშაულის ნიშნები არსებობს. არსებობს იმის ნიშნები, რომ იქ არის აბსოლუტური ქაოსი - ვისაც უნდა მოდის, ვისაც უნდა მიდის. შეიძლება სანახავად დადიან, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, რომ ხვალ ვინც მოვა, იარაღს არ წაიღებს იქიდან. თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ დამალოს პრობლემა, იმიტომ, რომ მაშინ დგება კონკრეტული ოფიცრების და თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხი. ვინ დაუშვა, რომ ვისაც უნდა შემოდის ბაზაზე და ვისაც უნდა გამოდის?", - განაცხადა შაშკინმა.

მისი აზრით, გამოძიება უნდა წავიდეს ძალიან მარტივი გზით და პირველ რიგში დაადგინოს, ამ ობიექტზე შესვლის მარშრუტი, რის შემდეგაც ძალიან მარტივი იქნება დადგენა, ვისი პასუხისმგებლობა იყო.

"მე მაქვს საფუძვლიანი, ჩემი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ეს იყო რომელიმე ოფიცრის, კაპრალის ან სერჟანტის დონეზე მოგვარებული საკითხი, რომ ისინი ატარებდნენ მეგობრებთან მოსულ სამოქალაქო პირებს", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო შეცდომას უშვებს, როცა არ ითვალისწინებს, რომ იქ არიან აშშ-ის და ნატო-ს ოფიცრები და ამერიკის მთავრობა, ისევე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავის გამოძიებას ჩაატარებს, რომელიც არ იქნება საჯარო, თუმცა თავდაცვის სამინისტროსთან "სერიოზული საუბრები" ექნებათ.

"ეს ჩვენ დაგვიმალავენ და გვეტყვიან, რომ სამი ტყვია მოიპარა და გაიქცა. დიდი უბედურება მოხდა, რომ ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ამას მოჰყვება კიდევ უფრო დიდი უბედურება - ნდობის დაკარგვა ჩვენს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. შეიარაღებული ძალები არ არის კულტურის სამინისტრო. აქ ძალიან ბევრი რამე არის ნდობაზე - ოფიცრებს შორის, ჯარისკაცებს შორის. ძალიან მაღალი პრობლემა გვექნება, რამდენად მაღალი ნდობის კოეფიციენტი იქნება ჩვენს ოფიცრებს შორის და იგივე ნატო-ს ოფიცრებს შორის, რომლებიც იქ მსახურობენ. სირიაში მიდის ომი და ტერორისტული აქტების საშიშორება არის ძალიან მაღალი. აქ გვყავს ამერიკელი და ნატო-ს ოფიცრები და ირკვევა, რომ შეიძლება შემოხვიდე სადაც მათ სძინავთ და "ბალონი" ესროლო გუშაგს, დალიო თითო ჭიქა, მეგობარი ნახო... ნდობა დაიკარგა, ამ ნდობის აღსადგენად ძალიან ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ჩვენ ეს გავიგეთ, იმიტომ, რომ იყო მოკლული ადამიანი. რომ არ ყოფილიყო ეს ბიჭი მოკლული, ვერაფერს გავიგებდით. რა ხდება სხვა ბაზებზე? სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტროს არ ესმის ერთი რამ - რასაც ახლა აკეთებს, აკეთებს ცუდს, იმიტომ, რომ თავის დროზე მყვინთავების დაღუპვის დროს რომ ყოფილიყო მიღებული სწორი ზომები, არ მოხდებოდა ბოდბე. ბოდბეში მომხდართან დაკავშირებით რომ მიეღოთ სწორი გადაწყვეტილებები, არ მოხდებოდა ეს ფაქტი. ანუ, თუ შენ გინდა პრობლემების მოგვარება, უნდა აღიარო, რომ პრობლემა არსებობს", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე თქმით, ეს პრობლემები უწყებაში დიდი ხნის წინ დაიწყო და ლევან იზორიას ბრალი მხოლოდ ის არის, რომ ახლა აძლევს თავის აპარატს უფლებას, დამალონ რეალური ფაქტები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."