პარმენ ჯალაღონია - აჭარაში 37%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

პარმენ ჯალაღონია - აჭარაში 37%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განლაგებული 348-ვე უბანი 20:00 საათისთვის, კანონის შესაბამისად, დაიხურა და კენჭისყრის პროცედურები დასრულდა, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები. უსკო-ს თავმჯდომარის განმარტებით, ხელვაჩაურის ოლქის რამდენიმე უბანზე ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა ხარვეზი 10 წუთის შემდეგ აღმოიფხვრა. პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, აჭარაში 37%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც 15%-ით ნაკლებია პირველი ტურის შედეგებთან შედარებით.

"20:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 114 202-მა ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 37%-ია. შედარებისთვის, არჩევნების პირველ ტურზე 52,97 % იყო აქტივობა. შესაბამისად, პირველ და მეორე ტურებს შორის დაახლოებით, 15 %-იანი სხვაობაა. ამ დროისთვის უბნებსა და ოლქებში 40-მდე საჩივარია დაწერილი. ყველა მათგანი ეხება ტექნიკურ ხარვეზებს, უმეტესი ნაწილი დროულად და ადგილზე აღმოიფხვრა. ხელვაჩაურის ოლქში, 3 უბანზე გაითიშა ელექტროენერგია რამოდენიმე წუთით, თუმცა პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და საარჩევნო კომისიას ამ კუთხით პრობლემა არ შექმნია. ნაწილში დროულად მოვიდა ელექტროენერგია, ნაწილს კი გენერატორი დაახმარეს“, - აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ.

უსკო-ს თავმჯდომარემ დღის განმავლობაში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზეც გააკეთა განმარტებები, მათ შორის, ქობულეთის ერთ-ერთ უბანზე სპეცრაზმის განლაგების თაობაზე, რაზეც აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება. "სპეცრაზმის რომელიმე უბანზე მისვლას ვერ დაგიდასტურებთ. ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. ამომრჩეველს არ ჰქონია არჩევანის გაკეთების დროს ხელის შეშლა. გვაქვს ინფორმაცია, რომ მარკირებაგავლილი რამდენიმე ადამიანი აპირებდა უბანზე შესვლას, მაგრამ ჩვენი მიზანია მსგავსი პირები არ შევიდნენ უბნებზე. ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გაგვაჩნია, უბნის ან ოლქის ბათილობის საფუძველი არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს“, - აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ.

ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: ბათუმის N79 ოლქშიი, რომელიც მოიცავს 68-ე, 69-ე და 70-ე მაჟორიტარულ ოლქებს 50 847 ამომრჩეველი მივიდა, რაც 31.98 %-ია. ქობულეთის N71 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი 20 117 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც 40.78 % უდრის. ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარულ ოლქში 18 320 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც 38 07%-ს შეადგენს. ხულოს N73 მაჟორიტარულ ოლქში კი 24 918 ამომრჩეველი მივიდა, რაც 47.79%-ია. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება. აჭარაში სულ 6 მაჟორიტარული ოლქია. არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნებისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები მონაწილეობენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."