ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა

გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია წარადგინა. როგორც თორდიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნინო ლომჯარიას ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში სახელმწიფო აუდიტის მიზნების და საქმიანობისთვის.

"ჩემს პირველ მოადგილედ მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნინო ლომჯარია. საზოგადოებისთვის ცნობილია მისი საქმიანობის შესახებ. ნინო მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ პროცესებში როგორიც არის საარჩევნო სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული და გამჭვირვალე გარემოს ფორმირება. მისი ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში სახელმწიფო აუდიტის მიზნების და საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიძინა პროფესიონალი კოლეგა. დიდი ხნის მანძილზე გვქონდა კონსულტაციები და მან მიიღო გადაწყვეტილება შეერთებოდა ჩვენს გუნდს", - განაცხადა თორდიამ.

ნინო ლომჯარიამ კი აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახური დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება, რომელიც საკმაოდ წარმატებით ცდილობს დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნდობისთვის გენერალურ აუდიტორს. აუდიტის სამსახური დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება, რომელიც საკმაოდ წარმატებით ცდილობს დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები. ეს მიღწევები არის აღიარებული არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. სწორედ ეს გარემოებები იყო საფუძველი ამ შემოთავაზებაზე დათანხმების. არასამთავრობო სექტორში ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო საჯარო უწყებების გამჭვირვალობა. დღეს, უკვე საჯარო მოხელის სტატუსით დიდი სურვილი მაქვს აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაში მივიღო მონაწილეობა, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ფინანსების განკარგვა მოხდეს კანონიერად, ეფექტურად და მიზნობრივად", - განაცხადა ლომჯარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."