გაკვეთილები "დამოუკიდებელი მედიის" გენერალური პროკურორისთვის

გაკვეთილები "დამოუკიდებელი მედიის" გენერალური პროკურორისთვის

ბოღმა ადამიანს ბევრ სისულელეს და სიცრუეს ალაპარაკებს. ეს "სენი" ყველას შეიძლება შეეყაროს და თურმე არც მედიამენეჯერებად გარდაქმნილ მთავარ პროკურორებს ინდობს.

აი, რა თქვა "რუსთავი 2"-ის მთავარმა პროკურორმა... უკაცრავად, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველზე", ინგა გრიგოლიას გადაცემაში. ტელეწამყვანი და გვარამია საუბრობდნენ "რუსთავი 2"-ში აშშ-ს ელჩის იან კელის რამდენიმე დღის წინანდელ ვიზიტზე. გვარამიამ სულ უპრეცედენტო ეძახა ამ ფაქტს – აქამდე სად გინახავთ, რომ ამერიკის ელჩი მედიასაშუალებას სტუმრობდესო. გრიგოლიას შეახსენეს, რომ აშშ-ს მოქმედი და წინა ელჩები (იან კელი, ჯონ ბასი...) იყვნენ სტუმრად "პალიტრა მედიაში"… ...

ამ დროს გვარამიამ ნირი არ შეიცვალა და: "მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა, "მედია პალიტრაში" ვინ მივიდა და რატომ მივიდა, "მედია პალიტრას" მე საერთოდ არ აღვიქვამ სერიოზულ მოთამაშედ მედია ბაზარზე, მომიტევონ კოლეგებმა (ასე თქვა, კოლეგებმაო..), ის არის მცირე, პატარა ტელევიზია და იქ ვინ რატომ მივიდა, ეს არც თქვენ გახსოვთ და არც მე და ეს ხაზს უსვამს "პალიტრა მედიის" მასშტაბებსაც და მასში ამერიკის ელჩის სტუმრობის მასშტაბებსაც..."- ო(!)

პირველ რიგში, "მომიტევონ კოლეგებში" თუ ჩვენ გვგულისხმობდა, მისამართი შეშლია გვარამიას. თავისი კოლეგები პროკურატურაში უნდა ეძებოს და იმედია, ისინი მიუტევებენ.

ჩვენ კი, ამჯერად დავხარჯავთ ძვირფას დროს და მედიაბაზრის პატარა გაკვეთილს ჩავუტარებთ დღევანდელ "მედიაპროკურორ" ნიკას.

გაკვეთილი პირველი - გვარამიამ "რუსთავი 2"-შივე რომ გაიკითხოს, დარწმუნებული ვარ, არ დაუმალავენ და ეტყვიან, რომ უკვე 21 წელი შეუსრულდა ყველაზე გავლენიან და მაღალტირაჟიან გაზეთ "კვირის პალიტრას". გვარამია თუ თავის "კურიერს" მაინც უყურებს, ნახავს, რომ არც თუ იშვიათად, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვებებში ციტატებს კითხულობენ სწორედ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიებიდან.

სხვათა შორის, როდესაც აშშ-ს ელჩი იან კელი "პალიტრა მედიას" სტუმრობდა, მან "კვირის პალიტრას" მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ და "კურიერმა" მთელი დღის განმავლობაში ამ ინტერვიუდან ამონარიდებს საკმაოდ ვრცელი დრო დაუთმო. იმედია, "მედიაპროკურორისთვის" იმის ახსნა მაინც არ დაგვჭირდება, თუ რა არის "კურიერი".

გაკვეთილი მეორე ნიკასთვის – ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" სწორედ "პალიტრა მედიის" შემადგენლობაშია. გასაგებად რომ ავხსნათ გვარამიასთვის – აი, ის სააგენტო, ყველა რომ ელოდება, თუ იქ განთავსდა ინფორმაცია, ე.ი. ნამდვილად ხდება ესა თუ ის მოვლენაო. ამას გვარამიას კოლეგა-პროკურორებიც კი დაუდასტურებენ.

გვარამია "ფეისბუქის" აქტიური მოხმარებელია და მრავალფეროვანი პოსტებითაც გამოირჩევა – პოლიტიკით დაწყებული და რომელიმე სპექტაკლის გარჩევით დამთავრებული. ჰოდა, აი მესამე გაკვეთილიც – ნიკა, საქართველოში "ფეისბუქი" ინტერნეტმომხმარებლების პოპულარობის კუთხით მეორე ადგილზეა, პირველზე კი "პალიტრა მედიის" საინფორმაციო პორტალი "AMBEBI.GE". IRI ხომ იცი? საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2016 წლის კვლევების მიხედვით,  ინტერნეტმომხმარებელი ინფორმაციის მისაღებად ყველაზე ხშირად სწორედ "AMBEBI.GE"-ს სტუმრობენ, მეორე ადგილზე კი "ფეისბუქია".

"პალიტრა მედიის" ყველა მედიასაშუალებაზე ცალ-ცალკე რომ შევჩერდეთ, მკითხველსაც დავღლით და "მედიაპროკურორსაც" დავზაფრავთ. ამიტომ მოდით, ციფრებით ვისაუბროთ. "პალიტრა მედიის" შემადგენლობაში არის 20-მდე ონლაინმედიასაშუალება, ტელევიზია, რადიო, გაზეთები და ჟურნალები და ყველანი თავიანთ სეგმენტში არიან ლიდერები.

"პალიტრა მედიის" მხოლოდ ონლაინმედიასაშუალებებს დღეში ჰყავთ 700 ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელი. "მედიაპროკურორს" პრაქტიკულ გაკვეთილსაც ვთავაზობთ – მოიმარჯვოს კალკულატორი და გამოთვალოს, დღეში 700 ათასზე მეტი რამდენია კვირაში, თვეში და წელში და შემდეგ, თუ ნულები კალკულატორის ეკრანზე დაეტია, დააკვირდეს მონაცემებს და საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა, ნელა გაიმეოროს პირდაპირ ეთერში ნათქვამი სიტყვები: "მედია პალიტრას" მე საერთოდ ვერ აღვიქვამ სერიოზულ მოთამაშედ მედია ბაზარზე ... ის არის მცირე, პატარა ტელევიზია".

და თუ საკუთარი თავის არ შერცხვება, მაშინ მას უკვე მედიაგაკვეთილები კი არა, ფსიქოლოგიური ტრენინგი სჭირდება. თუ "პალიტრა მედიის" ახალი მედიაპროდუქტის, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" (ის მხოლოდ ერთი წლისაა) წარმატებები ისე აღელვებს გვარამიას, რომ აბსურდს ალაპარაკებს, მაშინ მივასწავლით ასევე "პალიტრა მედიის" საიტ "MKURNALI.GE"-ს, სადაც შეუძლია დასვას კითხვები, თუ როგორ გათავისუფლდეს ბოღმისგან. 20 ათასზე მეტი მომხმარებლიდან ვინმე აუცილებლად გამოეხმაურება მის თხოვნას.

ზოგადად, გვარამიას ინტერვიუს მცირე მონაკვეთი ციფრებში რომ გადავიყვანოთ, ვნახავთ, რომ "მედიაპროკურორმა" დაახლოებით 2 წუთში თქვა 3-4 ორლულიანი ტყუილი, 1 დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ელჩს (როცა მისი ჩვენს ჰოლდინგში ვიზიტის მასშტაბებში ეჭვი შეიტანა) და კიდევ 1 დიდი შეურაცხყოფა ყველა მედიასაშუალებას, როცა თქვა, რომ თურმე მხოლოდ "რუსთავი 2"-ია ის მედია, რომელიც მთავრობაზე არ არის დამოკიდებული.

ჩვენ სხვა მედიასაშუალებების ნაცვლად ვერ ვისაუბრებთ, ისინი თავიანთ სათქმელს ალბათ, თავად იტყვიან (თუმცა, მიკვირს, რატომ უპასუხა გვარამიას ამ გამოხდომას დუმილით ინგა გრიგოლიამ). ხოლო თუ "მედიაპროკურორს" სურს, გაიგოს, რას ნიშნავს მედიის რეალური დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ამის გაკვეთილსაც ჩავუტარებთ "პალიტრა მედიის" 21-წლიანი ისტორიიდან გამომდინარე.

აშშ-ს ელჩმა იან კელიმ "პალიტრა მედიაში" სტუმრობისას მედიასახლს "თავისუფალი პრესის ბასტიონი" უწოდა. მანამდე კი, ჯონ ბასმა ჩვენთან ვიზიტისას იმაზე ისაუბრა, თუ რა როლს თამაშობს თავისუფალი მედია საქართველოს მსგავს ქვეყნებში. ამერიკელი დიპლომატები ჰაერზე ასეთ სიტყვებს არ ისვრიან, განსხვავებით "მედიაპროკურორისგან", რომელსაც მედიასაშუალებაში ელჩების ვიზიტები უკვირს (ცნობისთვის, "პალიტრა მედიაში" სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატების სტუმრობა ლამის ყოველკვირეული მუშაობის თანმდევ პროცესად იქცა). იხილეთ ვიდეო: სიბრიყვე სიცრუისა ანუ პასუხი ნიკა გვარამიას

ისე, წესით, გვარამიას ალბათ, ის უნდა აღელვებდეს, რომ იგივე ამერიკელი დიპლომატები "რუსთავი 2"-ზე საუბრისას განსაკუთრებით ფრთხილად არჩევენ ტერმინებს, ერიდებიან ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა "თავისუფალი მედია", "დამოუკიდებელი მედია" და აქცენტს მედიაპლურალიზმზე აკეთებენ(!).

იმიტომ ხომ არა, რომ მაინცდამაინც დიდი შეღავათი არ არის, მოქმედ მთავრობაზე იქნები დამოკიდებული თუ ყოფილზე, ინსტრუქციებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან მიიღებ თუ ოდესის მოქმედი გუბერნატორისგან...

იხილეთ ვიდეო: სიბრიყვე სიცრუისა ანუ პასუხი ნიკა გვარამიას

გიორგი კვიტაშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."