პრეზიდენტი - ქორწინების საკითხი არანაირად არ მიმაჩნია მნიშვნელოვან და კონსტიტუციაში ასატან თემად

პრეზიდენტი - ქორწინების საკითხი არანაირად არ მიმაჩნია მნიშვნელოვან და კონსტიტუციაში ასატან თემად

ქორწინების საკითხი არანაირად არ მიმაჩნია მნიშვნელოვან და კონსტიტუციაში ასატან თემად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. თუმცა, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვინაიდან ეს საკითხი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა, ვერანაირ დანაშაულს ვერ ხედავს იმაში, რომ მმართველმა გუნდმა დანაპირების შესრულებაზე იფიქროს.

"პარლამენტი რომელ ქალაქში იქნება, ეს უფრო ტექნიკური საკითხია და საერთოდ, რამდენად უნდა ეწეროს ეს კონსტიტუციაში, სხვა საკითხია. რაც შეეხება ქორწინების შესახებ ჩანაწერს, ამ საკითხთან დაკავშირებით მე პოზიცია დავაფიქსირე, როდესაც იყო ძალიან აქტიური მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ რეფერენდუმი უნდა დამენიშნა. მე მიმაჩნია, რომ რეალურად კონსტიტუციაში ადის მარტო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხები. კონკრეტულად ამ თემაზე, მე მაშინაც მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის გარკვეული შტრიხი და ნაწილი იყო. "ქართულმა ოცნებამ" დააანონსა, რომ ისინი ამ თემით შევლენ პარლამენტში და თუ ექნებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამ ჩანაწერს შეიტანენ კონსტიტუციაში. ეს იყო მათი საარჩევნო დაპირება. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ "ქართულ ოცნებას" გააჩნია ვალდებულებაც და უფლებაც, რომ ეს ვალდებულება შეუსრულოს ამომრჩეველს. აქ მე წინააღმდეგობრივს ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად იქნება ჰომოფობიური ქორწინების შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციაში ჩადება, გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ჩანაწერი არსებობს "სამოქალაქო კოდექსში" და "თუ დანახვადია აქ ჰომოფობიური ტენდენციები, ჩვენ ეს წლების განმავლობაში უნდა დაგვენახა". "მე ეს მიმაჩნდა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ შტრიხად. არანაირად არ მიმაჩნია ეს მნიშვნელოვან, კონსტიტუციაში ასატან თემად, მაგრამ კიდევ ერთხელ - "სამოქალაქო კოდექსშიც" ასეა. ჰომოფობიის ნიშნით "სამოქალაქო კოდექსი" არავის გაუპროტესტებია. ეს თემა იყო მოტანილი ჩემამდე რეფერენდუმის მოთხოვნით და როგორც მოვიდა, ისე დამთავრდა. შემდეგ ეს გახდა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ნაწილი და ვერაფრის დიდებით, ამაში დანაშაულს ვერ დავინახავ", - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."