რა გეგმები აქვთ პარლამენტს გარეთ დარჩენილ ცნობილ დეპუტატებს

რა გეგმები აქვთ პარლამენტს გარეთ დარჩენილ ცნობილ დეპუტატებს

ახალი პარლამენტი 19 ნოემბერამდე შეიკრიბება. "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალურ მოძრაობის" გარდა, პარლამენტში წელს პირველად "პატრიოტთა ალიანსსაც" ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ როგორც "ოცნებაში", ისე "ნაციონალებშიც" ბევრი ახალი სახეა და სწორედ ეს ახალი სახეები მოხვდნენ პარტიების საარჩევნო სიების პირველ ათეულში. თუმცა, საინტერესოა, რას აპირებენ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ცნობილი დეპუტატები, რომელთაც გასული ოთხი წლის განმავლობაში მოსახლეობა აქტიურად ხედავდა. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით და მათ სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ:

თამაზ მეჭიაური, ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", დააფუძნა პარტია "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის":

"ჯერ ვისვენებ, ფიქრისგან ვისვენებ. გადაწყვეტილი არ მაქვს სამომავლო საქმიანობა, ამ ეტაპზე ტაიმ-აუტი ავიღე. ალბათ ჩემი პარტია საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ რა ფორმით, ამაზე ვიფიქრებ. რამე სერიოზული შემოთავაზება არ მქონია, კარები ნამდვილად არ მაქვს ატალახებული".

ლუკა კურტანიძე, ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან":

ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ვარაუდობს, რომ მუშაობას შს საქმეთა ან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს, თუმცა სხვა შეთავაზებასაც არ გამორიცხავს. შესაბამისი კომენტარი კურტანიძემ "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა

"გუშინ "ქართულ ოცნებაში" მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს ირაკლი კობახიძემ და კახი კალაძემ და მსგავსი სახის შეხვედრები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს. 22 წელია, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიცერი ვარ, სპორტში დავიბადე და გავიზარდე. გუნდს აქვს არჩევანი - საბოლოო სიტყვა მათზეა. შესაძლოა, ეს იყოს შსს ან სპორტის სამინისტრო ან შესაძლოა, თვითონ სხვა წარმოდგენა ჰქონდეთ. სავარაუდოდ ამ კვირაში საბოლოო შეთანხმება მოხდება".

ელისო ჩაფიძე, ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან":

"რა თქმა უნდა, პარტია "ქართულ ოცნებაში" ვარ. ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ავირჩიე. ჯერჯერობით არ ვაპირებ რამე ისეთი საქმიანობის დაწყებას, რომელიც პარტიის წევრობასთან შეუთავსებელი იქნება. რაც შეეხება სამომავლო საქმიანობას, მაქვს რამდენიმე საინტერესო წინადადება, ჯერჯერობით ვფიქრობ, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ჯერ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არ ამოწურულა და მას შემდეგ, რაც ამოიწურება, გადავწყვეტ, რა მიმართულებით ვიმუშაო. პოლიტიკურ შემოთავაზებაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ვერსიებია, როცა რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, ხალხი აუცილებლად გაიგებს.

მიხეილ მაჭავარიანი, ყოფილი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან":

"სულ მაინტერესებდა და დრო არ მქონდა, რომ ჩამებარებინა პოლიტიკური მეცნიერებების კუთხით და დამეცვა დისერტაცია. მინდოდა რაღაც შეხება მქონოდა სტუდენტებთან და ვაპირებ ეს პერიოდი ამ მიმართულებით გავაქტიურდე, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ვრჩები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად"

მარიამ საჯაია, ყოფილი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან":

"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ამ ეტაპზე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ვარ მხოლოდ".

ზურაბ ზვიადაური, ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან":

"ამ ეტაპზე ვისვენებ, მაგრამ ისევ ვრჩები "ქართული ოცნების" მხარდამჭერად, ამ ხელისუფლების გვერდში ვდგავარ. აქტიურ პოლიტიკაში აღარ ვარ, და ამ ეტაპზე არ ვაპირებ ჩართვას, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. რაღაც შემოთავაზება იყო, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."