თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა - სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა - სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ მათ განცხადება "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში გააკეთეს.

როგორც ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო ნინუამ განაცხადა, თანამდებობები იმის გამო დატოვეს, რომ ჩატარდეს სრულყოფილი მოკვლევა, მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ყველა იმ პირის დაკითხვასაც ითხოვენ, ვინც მათ მიმართ ბრალდებები გააჟღერეს.

"ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის წინააღდეგ, ბოლო პერიოდში დაწყებული მიზანმიმართული კამპანიისა და ჩვენს წინააღდეგ მედიაში გაჟღერებული ბრალდებების გამო, ჩვენ დროებით ვტოვებთ დაკავებულ თანამდებობებს და მოვითხოვთ, დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებებს აჟღერებს. ეს ნათელს მოჰფენს ყველა იმ საკითხს, რაც ჩვენს წინააღმდეგ არის გაჟღერებული. თუ დადგინდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ თანამდებობებზე დაბრუნებას, რათა გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილია. თუ დადგინდება, რომ ეს არის ჩვენს მიერ ჩადენილი გადაცდომა, მაშინ მზად ვართ პასუხი ვაგოთ კომისიის წინაშე", - განაცხადა სერგო ნინუამ.

არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად გიორგი ცაბაძე ანონდარღვევით დანიშნა, ვინაიდან აღნიშნული პირები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

ამასთან, "მოამბის" ინფორმაციით, მათ ის დოკუმენტიც მოიპოვეს, რომელშიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მინისტრ იზორიას სთხოვს დანიშნოს ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონვე მიუთითებს, ნინუა და ცაბაძე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

"გთხოვთ, გადაწყვეტილებას ვიცე-პოლკოვნიკ ნინუასა და ვიცე-პოლკოვნიკ ცაბაძის წარმოდგენილ თანამდებობზე დანიშვნის შესახებ, გამონაკლისის სახით, შერჩევის უმაღლეს საბჭოზე განხილვის გარეშე... დამატებით მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 17 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხებით განსაზღვრულ ოფიცერთა თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს", - ნათქვამია ჩაჩიბაიას მიერ იზორიასთვის გაგზავნილ წერილში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის გვარეობის "პოლკოვნიკის" თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: მინიმალური ნამსახურები წლები ოფიცრის თანამდებობაზე და უცხო ენის ცოდნა.

გარდა ამისა, საქმე იმაშია, რომ კონსტიტუციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში ნინუასა და ცაბაძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება თავდაცვის მინისტრის მიერაა გამოცემული.

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ "მინისტრს აქვს უფლებამოსილება საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დანიშნოს პიროვნება".

რაც შეეხება უშუალოდ ნინუასა და ცაბაძის დანიშვნის მოტივს, გელაშვილის თქმით, მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ნინუასა და ცაბაძის ხედვა ემთხვევა გენშტაბის ხედვებს.

აღსანიშნავია, რომ ნინუასა და ცაბაძეს პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. როგორც შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე ამტკიცებს, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან "ნაციონალური მოძრაობის" კადრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი მოქმედებებით პირადი შემადგენლობის მიმართ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."