"არჩევნები შედგა, მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში" - პრეზიდენტმა დეპუტატებს გამარჯვება მიულოცა

 "არჩევნები შედგა, მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში" - პრეზიდენტმა დეპუტატებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა. ქვეყნის პირველმა პირმა დეპუტატებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა.

მარგველაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატებს ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

"პატივცემულო დეპუტატებო, გილოცავთ გამარჯვებას 2016 წელის საპარლამენტო არჩევნებში. გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას ქვეყნის საკეთილდღეოდ. დღეს, ახალი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, უპირველესად მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც მეცხრე პარლამენტის არჩევით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე. მინდა მადლობა ვუთხრა, ყველა სადამკვირვებლო მისიას, პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო კომისიას, მედიას, რომელმაც ერთად უზრუნველვყვეს დემოკრატიული სახელმწიფოებრივი პროცესის მემკვიდრეობითობა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, "არჩევნები შედგა. შედგა მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას",- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მრავალპარტიული პარლამენტი თვისობრივი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის.

"მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში, მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას და დებატებს ნიშნავს. პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. რამაც საზოგადოებაში პოლიტიკის, პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა", - აღნიშნა პრეზიდენტმა და განაცხდა, რომ პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება, პირიქით, არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც საპარლამენტო, ასევე პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."