არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელია და ოთარ კახიძე დაძაბული როლის თამაშისთვის ოსკარზე არიან წარდგენილები

არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელია და ოთარ კახიძე დაძაბული როლის თამაშისთვის ოსკარზე არიან წარდგენილები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკა ხელისუფლების მიმართ მიუღებელია. როგორც თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ნიკა მელია და ოთარ კახიძე დაძაბული როლის თამაშისთვის ოსკარზე არიან წარდგენილები.

"რაც შეეხება ბატონ მელიას, როგორი იმიჯი შეიქმნა ამ პირველ დღეებში. მე შევახსენებ საზოგადოებას როცა ის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი გახლდათ. კურსანტის ქუჩის სამი ნომერი თუ ეცნობა, ან გურამიშვილის 17, 72ბ და ზუბალაშვილის 1. ეს არის ის მისამართები საიდანაც ბატონმა მელიამ ზამთარში გამოყარა ხალხი და ზუსტად ისინი იყვნენ იპოთეკარები და დევნილები. ბატონო ნიკა და ბატონ ოთარ, დაძაბული როლის თამაშისთვის ოსკარზე ხართ წარდგენილნი. უკვე მეორედ ვხედავ, რომ ძალიან ხმამაღალი, ფუტურისტული უარგუმენტო საუბრები გაქვთ", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კრიმინალი არ გაზრდილა და საქსტატმა დღეს მიუთითა "ნაციონალურ მოძრაობას" ამის შესახებ.

"სირცხვილია, ჯერ ჩაგეხედათ „საქსტატის" ვებგვერდზე და ნახავდით, რომ არ არის გაზრდილი. თქვენ საუკეთესო წლებში, როცა მოსახლეობის 87 თუ 101% გყავდათ ციხეში გამომწყვდეული, იმ წლებთან შედარებით 1400 შემთხვევით ნაკლები დანაშაული არის მომხდარი. 2012 წელთან შედარებით, მინიმუმ 6000 დანაშაულით ნაკლები არის მომხდარი. ეს არის სტატისტიკა, რომელსაც შსს ქმნის, რომელიც ერთიანი მეთოდოლოგიით საერთო ეროვნულ პლატფორმაზე იქმნება", - განაცხადა თალაკვაძემ.

იგი ასევე ინტერესდება ოთხოზორიაზე საუბრისას რატომ არ საუბრობს "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი ხელისუფლების დროს ოკუპანტების მიერ ჩადენილ ქმედებებზე.

"ოთხოზორიაზე თქვენ როგორ ლაპარაკობთ? ეს იყო ტრაგედია და სპეკულაცია არ არის საჭირო. ძებნის დოკუმენტს რომ ითხოვდით, რომ შსს-ს არ მიუწერია ინტერპოლისთვისო, ისე მაინც გვაჩვენეთ შსს-მ ასლი რომ გადმოგცათ. საერთოდ არც კი აღნიშნეთ ეს. უპასუხისმგებლობის ტიპიური მაგალითია ეს. გახსოვთ თუ არა შემთხვევები რომელიც თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდა? 10 შემთხვევა იყო მინიმუმ და არანაკლებ მძაფრი და ტრაგიკული, ვიდრე ოთხოზორიას შემთხვევა და კონცერტები და შოუები არ გვახსოვს ამაზე. მაგალითად: 2007 წელს განმუხურთან პოლიციელები მოგვიკლეს, 2011 წელს 19 მაისს საჩხერეში 17 წლის მოსწავლე დაგვიცხრილეს, 2012 წლის 4 მარტს ყუმბარტყორცნები ესროლეს პოლიციის განყოფილებას და პოლიციელებზე იყო თავდასხმა. ეს შემთხვევები დაგავიწყდათ თუ ოთხოზორია არის თქვენი ცენტრალური პოლიტიკური თემა? ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე სპეკულირებთ", - განაცხადა თალაკვაძემ.

მანვე უპასუხა ელენე ხოშტარიასაც და მოუწოდა შეწყვიტოს ფოტოშოპებით გაკეთებული არგუმენტების ჩვენება.

"რაც შეეხება სურათს, რომელიც ელენე ხოშტარიამ წარმოადგინა. დავასრულოთ ფოტოშოპებში გაკეთებული არგუმენტები. ეს ადამიანი იცით ვინ არის? ეს ადამიანი არის მცხოვრებელი სახლის, რომელიც თავისი დევნილებიანად გაყიდეთ და გაასხვისეთ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მესაკუთრესთან, რომ ეს სახლი დევნილებს ვუყიდოთ, თუმცა არ თანხმდება ეს მესაკუთრე. ხელჯოხებით ვერ გამოვაგდებთ მესაკუთრეს თავისი საკუთრებიდან, როგორც თქვენ აკეთებდით. 1052 საკუთრება გაქვთ თავის დევნილებიანად გაყიდული და იქნებ იმის სურათებიც წარმოადგინოთ შემდეგ სხდომაზე", - მიმართა თალაკვაძემ ხოშტარიას.

მისივე თქმით, აზრის გამოხატვისთვის ათასობით ადამიანი ყავთ დარბეული "ნაციონალურ მოძრაობას".

"აზრის გამოხატვაზე მწარედ მეცინებოდა რომ საუბრობდით. აზრის გამოხატვაზე თქვენ რომ ხალხი გყავთ დარბეული, ამდენი ათასი ადამიანი მსოფლიოში არავის ჰყავს დარბეული. 80 000-იანი კომპენსაცია ჩვენ გადავუხადეთ ადამიანს, რომელსაც პლასტმასის ტყვია თვალში ესროლეთ. ეგ 80 000 საიდან მოვიდა, თქვენ ხომ არ შეაგროვეთ? ეგ გადაიხადა გადასახადის გადამხდელმა, რომელსაც ელაპარაკებით თითქოს ჩვენ დავანგრიეთ ეკონომიკა და ჩვენ გავაღარიბეთ ხალხი. დანარჩენი ხარჯებიც მოიკითხეთ, აქციაზე დარბეული ხალხი ე.წ.არამიანცის კლინიკაში რომ იყო გადაყვანილი, რამდენი დაჯდა მათი მკურნალობა და რეაბილიტაცია", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

თალაკვაძე მიუღებელს უწოდებს საპარლამენტო უმცირესობისგან მედიის თავისუფლებაზე გაკვეთილების ჩატარებას.

"მედიის თავისუფლებაზე ნამდვილად არ მივიღებთ თქვენგან გაკვეთილებს. 2004 წელს კომახიძე და ამაღლობელი ხელვაჩაურის გზიდან გაიტაცეს უნიფორმიანებმა და სიკვდილამდე სცემეს და სად იყო თქვენი რეაგირება? სად იყო "ტვ ჰერეთის" და "თრიალეთის" ტელევიზიებზე ზეწოლის დროს რეაგირება? ანტენებზე ნადირობა რომ დაიწყეთ, არც მაშინ მახსოვს მედიის თავისუფლების დამცველებს რა რეაქციები გქონდათ. "მაესტროზე" გახსოვთ ბროლაძის და კაპანაძისთვის აპარატურის ჩამორთმევა და შემდეგ ცემა? კაბინეტში გამოამწყვდიეთ "გურიანიუსის" ჟურნალისტები და "იმედზე" რეიდი ჩაატარეთ. ეს არის მედიის საკითხები და დღეს, რომ "რუსთავი 2-ზე" გვიკითხავთ მორალს, როდესაც არ გვაქვს ინტერესი არც იქით და არც აქეთ მხარეს, უბრალოდ უხერხულია. ზოგიერთებს შესაძლოა აქვს ამაზე საუბრის უფლება, თუმცა მათ ვინც ისაუბრა, ნამდვილად არა", - აღნიშნა თალაკვაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."