"მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე..." - რაზე ისაუბრა დასკვნით სიტყვაში პრემიერმა პარლამენტში

"მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე..." - რაზე ისაუბრა დასკვნით სიტყვაში პრემიერმა პარლამენტში

110 ხმით საქართველოს პარლამენტმა მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა", ნდობა გამოუცხადა. პარლამენტის სხდომა, სადაც პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ 26 ნოემბერს რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა. ბოლოს, გიორგი კვირიკაშვილი დასკვნითი სიტყვით წარსდგა პარლამენტის წინაშე:

"ყველას დიდ მადლობას გიხდით ამ ძალიან შრომატევადი, ენერგოტევადი რამდენიმე დღისთვის. მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე, რომ სხვამ არ თქვას და შემდეგ დითირამბებში არ ჩაითვალოს. არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როცა ასეთი რამ ხდება. არასოდეს, თათბირის დროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ და არასოდეს, არც ერთი ორგანიზაცია, სადაც მიმუშავია, არ მიმართავს შიდა დაპირისპირებისა და ინტრიგების მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ სრულიად ახალი სტილით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს გვაქვს და ამიტომ ვახსენებ ამას.

რატომ ვახსენებ ამას ზუსტად დღეს და რატომ გესაუბრებით თქვენ, ჩვენს ოპონენტებს, ამასაც ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს. იმას, რომ თქვენ გუშინ გამოიყენეთ სიტყვები - პოლიტიკური უტიფრობა, თუ სხვა, მე მინდა, ერთი ძალიან მარტივი სიტყვა ვუწოდო, ეს არის - ქედმაღლობა. ამიტომ არ აგირჩიათ თქვენ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობა" დღეს არის უმცირესობაში. ამას სჭირდება გაანალიზება და გაცნობიერება. სწორედ ამას დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, ისაუბროს საკუთარ შეცდომებზე და მე დღეს ამის მაგალითი მოგეცით, რომელსაც შესწევს უნარი ისაუბროს ოპონენტების წარმატებაზე - ამის მაგალითიც მოგეცით მე თქვენ. ვერც ერთი საპასუხო მაგალითი, სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე თქვენი მხრიდან. ასე რომ, იმ ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი გააჩერებს. ამ ახალ რეალობაში, იმ გამოწვევებს, რომელსაც ეს რეალობა გვკარნახობს, პასუხობს ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, მოგწონთ ეს თუ არა.

ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება წარმატებები, გამარჯვებები, ხვალინდელი დღის იმედი. იმედი ამოძრავებს სწორედ ეკონომიკასაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზედმეტად ნეგატიურად არ დავხატოთ ის რეალობა, რომელიც არის, რათა მეტი პოლიტიკური ქულა დავიწეროთ. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენი გუნდის წევრებს: დღეს ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, ჩავდგეთ იმ ადამიანების რიგებში, რომლებმაც ქვეყანაში ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო წინ წაწიეს. მოგიწოდებთ ყველას, ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ და განვეწყოთ ძალიან დიდი ბრძოლისთვის. ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, შრომას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ვინაიდან, ყველა ჩვენგანს, ვინც ეს უდიდესი ტვირთი იტვირთა საკუთარ თავზე, სრულად უნდა ესმოდეს და აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის. სხვა არჩევანი ჩვენ არ გაგვაჩნია, იმიტომ, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ერთად და მთელს ჩვენს ქვეყანას!" - განაცხადა პრემიერმა პარლამენტის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილის დასკვნითი სიტყვა პრემიერის ფეიქბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."