როგორ აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები მთავრობის "ლარიზაციის გეგმას"

როგორ აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები მთავრობის "ლარიზაციის გეგმას"

ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად, ე.წ. ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა. გეგმის გარკვეული პუნქტები მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გაახმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა იმ დაგეგმილ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.

რას გულისხმობს "ლარიზაციის გეგმა" - 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებსა და ყველა ცვლადი განაკვეთის სესხებისთვის ეროვნული ბანკი აუქმებს წინასწარ დაფარვის საკომისიოს; მოსახლეობას საშუალება ექნებათ 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხები გადაალარონ არსებულ კურს - 20 პუნქტით (მაგ. 2.5 კურსის შემთხვევაში გადალარდება 2.3 კურსით); იკრძალება ახალი სესხების აღება დოლარში; ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვისას კომპანიებმა ფასი უნდა გამოაცხადონ ლარში (მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერ სხვა ვალუტით); იკრძალება ონლაინ სესხები.

ასევე მცირდება ადმინისტრაციულ ხარჯები და ბიუროკრატიულ აპარატი; 10%-ით მცირდება შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები; იზრდება აქციზი თამბაქოს ნაწარმზე (0.60 თეთრი); იზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი; 60%-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე.

როგორ აფასებენ ეკონომიკური ექსპერტები "ლარიზაციის გეგმას" და რა სარგებელს მოუტანს იგი ქვეყანას?

ეკონომიკის ექსპერტის, ლევან კალანდაძის განცხადებით, ლარიზაციის თემამ მნიშვნელოვნად უნდა დაალაგოს და დაამშვიდოს სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობა.

"ვფიქრობ, ამან როგორც ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, მნიშვნელოვნად უნდა შეუმციროს ის რისკები, რომელიც ლარის კურსის ცვლილებების დროს ფინანსური დანაკარგების სახით აქვთ. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა უნდა გახდეს ეკონომიკური პროცესების აღძვრის ერთ-ერთი საფუძველი. მეორე საკითხია საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებული თემები. სწორი აქცენტია გაკეთებული, როცა ვსაუბრობთ ხარჯების შემცირებაზე, სასურველი იქნება, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია 2017 წლის გარდა, 2018 წელსაც გაგრძელდეს და შემდეგი თემა უკავშირდება აქციზის განაკვეთის ზრდას. აქციზის განაკვეთის ზრდა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ განაკვეთის მატება საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლებში მივიღოთ ზრდა, არამედ აქციზი არის უნიკალური გადასახადი იმ თვალსაზრისით, რომ აქციზის ზრდა პირდაპირ იწვევს იმპორტის შემცირებას. იმპორტის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი, უარყოფითი სალდო წარმოდგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას. ანუ სავალუტო ნაკადების შემცირების ტენდენციის უზრუნველყოფა საბოლოო ჯამში, ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისითაც პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება", - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ეს არის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც შეიძლება მომავალში საფუძველი გახდეს, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი პოლიტიკის. "ვნახოთ, ვფიქრობ, გარე ფაქტორები ამ ეტაპზე დალაგებულია, რაიმე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი არ იკვეთება ჯერჯერობით და თუ მიზანმიმართული იქნება ხელისუფლება იმ პროექტების განხორციელებაში, რაც დაანონსებულია, მხედველობაში მაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები, სივრცითი მოწყობის კონცეფიის განვითარება საქართველოში, სრულიად შესაძლებელია ეს ინიციატივები საფუძველი გახდეს სტაბილიზაციის, ნორმალური მასშტაბის და ხარისხის ჩამოყალიბების ქვეყანაში და ამან ხელი შეუწყოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას", - განმარტა კალანდაძემ.

ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმით ვერც სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ვერც ლარის გამყარება ვერ მიიღწევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომისტმა განუცხადა, მთავრობა რეალურად ვერ აცნობიერებს იმას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა.

"მთავრობამ მიზნად დაისახა სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ის, რომ ამით ლარზე ზეწოლა შემცირდება და ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს. ამ სამოქმედო გეგმის საფუძველზე მთავრობამ ეს ორი მიზანი გამოკვეთა. ვერც ერთი მიზანი ვერ შესრულდება. ლარზე ზეწოლა არ მოიხსნება და ლარზე მოთხოვნა არ შემცირდება. კომერციულ ბანკებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ გაცემული, ასევე მათ დეპოზიტები აქვთ დოლარში, ანუ ეს სავალუტო რესურსი მათ მოიზიდეს, ეს არ არის მათი საკუთრება, ეს არის მათი ვალდებულება. შესაბამისად, თუ კლიენტებზე აღარ იქნება კონვერტაციის რისკი, ეს რისკი გადავა კომერციულ ბანკებზე, რადგან კომერციულ ბანკებზე გადავა ეს სავალუტო რისკი, შესაბამისად, ეს სავალუტო რისკის კომპონენტიც იქნება გათვალისწინებული ლარის საპროცენტო განაკვეთში. ამდენად დასაწყისში შესაძლებელია ამან ცოტა დადებითად იმოქმედოს ლარის გამყარების პროცესზე რადგან თუ ადამიანები მასობრივად დაიწყებენ დოლარის ლარში გადატანას, მაშინ ეს ლარის გამყარების პროცესს, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს, მაგრამ რადგან ეროვნული ვალუტა ისევ იქნება დასაკონვერტებელი დოლარში, რადგან ბანკებს ვალდებულებები აქვს დოლარში გასასტუმრებელი, კომერციული ბანკები შექმნიან უკვე დოლარზე მოთხოვნას. შესაბამისად, ლარი ისევ გაუფასურდება", - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება ონალაინ-სესხებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ეკონომისტის შეფასებით, ონლაინ სესხების აკრძალვით პრობლემა არ მოგვარდება, უბრალოდ მოხდება მისი ტრანსფორმირება. "ონლაინ სესხების გაქრებიან და გაჩნდებიან სხვა სუბიქტები, რომებიც ასევე მომავალში დისკუსსის საგანი გახდებიან, რადგან აღმოჩნდება, რომ ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ადრე იღებდნენ ონალინ სესხებს, ისევ აკეთებენ ამას, ოღონდ ამჯერად სხვა სუბიექტებისგან", - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება გადასახადის ზრდას, ცომაიას განცხადებით, ნაბთოპროდუქტებზე აქციზის ზრდა, გამოიწვევს მასზე ფასის ზრდას.

"თუ საქართველოში ფასების დონე ასე თუ ისე არ იზრდება, ამის ერთ-ერთი ძირითადი მდგენელი არის ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასი დაბალია. თუ ჩვენ ხელოვნურად გვსურს, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასები გაზრადოთ, ამით მთავრობა თავად ქმნის ინფლაციურ რისკებს. მთავრობამ დაინახა, რომ რეინვესტირებული მოგების გადასახადის გაუქმების შემდეგ, ბიუჯეტში ექნება დაახლოებით 500 მილიონი ლარის მობილიზების პრობლემა და ეს მან დააკომპენსირა იმით, რომ სხვა მიმართულებით გადასახადები გაზარდა. ანუ პირდაპირი გადასახადები შეამცირა და არაპირდაპირი გაზარდა. საბოლოო ჯამში, ეს ეკონომიკაზე დადებითად არ იმოქმედებს. ხელს შეუწყობს ეკონომიკაში მეტი პრობლემის წარმოქმნას, ვიდრე მის გაჯანსაღებას. საბოლოო ჯამში, მთავრობის ასეთ პოლიტიკას მე ვუწოდებდი უპასუხისმგებლოს და გაუზრებელს. როგორც ჩანს, დღევანდელი მთავრობა რეალურად ვერ აცნობიერებს იმას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა", - განაცხადა ცომაიამ.

ექსპერტ გია ხუხაშვილის განმარტებით კი, მთავრობა გადასახადების გაზრდით ცდილობს ამოიღოს ის თანხა, რომელსაც რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადის გაუქმებით კარგავს. "ძალიან ნედლი ინიციატივაა და კონკრეტიკა არის ცოტა. აქედან გამომდინარე, ძნელია, რაიმე დიაგნოზის დასმა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის სისტემური გადაწყვეტა და მხოლოდ პრობლემის გადაგორებას ემსახურება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, ხუხაშვილის აზრით, ეს მისასალმებელია ამ ეტაპზე, როდესაც ბევრი საეჭვო მოთამაშე გაჩნდა ბაზარზე, თუმცა აქციზის ზრდა აბსოლუტურად გაუგებარია.

"გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, მაღალი სოციალური რისკების დროს ადამიანები ძალიან სარიკსო გადაწყვეტილებებს იღებენ, რეგულაციების გამკაცრება ალბათ მისასალმებელია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ბევრი საეჭვო მოთამაშე გაჩნდა ამ ბაზარზე, რომლებსაც ფანტასტიკური პროცენტები აქვთ და ადამიანების სასოწარკვეთას იყენებენ მათი მდგომარეობის კიდევ უფრო დასამძიმებლად. სხვა საკითხია იგივე აქციზების ზრდა. ხელისუფლების პოლიტიკა აბსოლუტურად გაუგებარი და ძალიან წინააღმდეგობრივია. რეინვესტირების ფარგლებში მოგების გადასახადის გაუქმებას თითქოს ის მთავარი ამოცანა ჰქონდა, რომ ეკონომიკაში ჩაეტოვებინა ფული, მაგრამ აქციზების მომატებით, ფაქტობრივად, დაახლოებით იგივე თანხას უკან იღებს ეკონომიკიდან. ასე წყვეტენ საბიუჯეტო პრობლემას, ანუ მათ შეშინდათ თავისივე ინიციატივის და იმისთვის, რომ ბიუჯეტში თანხები ამოექაჩათ, გაზარდეს გადასახადები. მაგრამ მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ ინიციატივას? ერთი ხელით მისცე და მეორე ხელით წაართვა ეკონომიკას, ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის შეშინებული ადამიანის ძალიან სტიქიური ქმედებები. ხელისუფლებას, ერთი მხრივ, ესმის, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, მაგრამ მეორე მხრივ, არ არის მზად, რომ სერიოზულ რეფორმაზე აიღოს პასუხისმგებლობა და ასეთი მერყევი, წინ და უკან სირბილის რეჟიმში ცდილობს, რომ რაღაც გადააგოროს ცოტა ხნით მაინც", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობის გაზრდა ფასების მომატებას გამოიწვევს.

"ენერგომატარებლები არის ეკონომიკის საბაზისო ელემენტი და შესაბამისად, ეს სერიოზულად დაატყამს სამომხმარებლო კალათას, რომელიც ისედაც უკვე ძალიან დამძიმებულია და ალბათ, სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ გარკვეული რაოდენობის ადამიანებს გადაისვრის. მგზავრობის საფასურზე შეიძლება, რაღაც სუბრისდირება განახორციელონ, მაგრამ აქციზის ზრდა გამოიწვევს გაძვირებას პრაქტიკულად ყველა სეგმენტზე, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, იმიტომ რომ ტრანსპორტირება დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი სერიოზული ელემენტია, მითუმეტეს, იაფი პროდუქტის შემთხვევაში. ლოგისტიკას თვითღირებულებაში აქვს ძალიან დიდი სეგმენტი, შესაბამისად, კი ბატონო, საბიუჯეტო პრობლემას წყვეტენ, მაგრამ თუ დაფიქრებულან, როგორ აისახება ეს ყველაფერი სამომხმარებლო კალათაზე, რომელიც ისედაც ძალიან დამძიმებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და სამომხმარებლო კალათის თვითღირებულება დიდწილად ყალიბდება დოლართან მიმართებაში და არა ლართან მიმართებაში და ამას ტრანსპორტირების კომპონენტში კიდევ უფრო აძვირებენ. გათვლები, ანალიტიკა კეთდება თუ არა ხელისუფლებაში, ჩემთვის აბსოლუტურად გაგებარია. ერთი ეკონომიკის ექსპერტი გამოვიდა, გააჟღერა რაღაცეები და მთავრობამ მაშინვე აიტაცა და მეორე დღესვე დაიწყო დანერგვა ისე, რომ მსჯელობაც არ ჰქონია, თუ რა რისკებს უკავშირდება ეს ყველაფერი. ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ მათ უბრალოდ არ ჰქონდათ გეგმა და "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო" პრინციპიდან ამოვიდნენ. შეიძლება პირიქით იყო [და ეკონომიკის ექსპერტმა გააჟღერა მთავრობის გეგმა], მაგრამ წაღმა იყო თუ უკუღმა, ფაქტია, რომ სპონტანურობა არის წამყვანი. ერთი მხრივ, ეკონომიკაში ფული ჩატოვო და ამაზე ილაპარაკო ამაყი სახით მოგების გადასახადის შეღავათიან რეჟიმში გადაყვანით და მეორე ხელით იგივე თანხა, თუ მეტი არა, ჯიბიდან ამოუღო ეკონომიკას - ამას ჰქვია ეკონომიკური პოლიტიკა? მე ვფიქრობ, არა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."