ნუგზარ წიკლაური - ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილის გარეშე პარტიას, შესაძლოა, უფრო კარგი შედეგები ჰქონდეს, მე კი მიმაჩნია, რომ ეს ელექტორალური თვითმკვლელობა იქნება

ნუგზარ წიკლაური - ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილის გარეშე პარტიას, შესაძლოა, უფრო კარგი შედეგები ჰქონდეს, მე კი მიმაჩნია, რომ ეს ელექტორალური თვითმკვლელობა იქნება

გიგა ბოკერია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე პარტიას, შესაძლოა, უფრო კარგი შედეგები ჰქონდეს, მე კი მიმაჩნია, რომ ეს ელექტორალური თვითმკვლელობა იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.

წიკლაურმა ისაუბრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ, სადაც ამ წუთებში პარტიის ყრილობის ჩატარების საკითხს განიხილავენ. პარტიაში აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი მომხრეა ყრილობის ჩატარების 2158 დელეგატის მონაწილეობით და ახალი თავმჯდომარის არჩევის, ხოლო მეორე ნაწილი, მხარს უჭერს უფრო მასშტაბურ ყრილობას 7 000 დელეგატის მონაწილეობით. ასევე, ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიის თავმჯდომარედ სიმბოლურად მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს.

წიკლაურის თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჩატარდა ორი პრეზენტაცია. ერთი წარმოადგინა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, მეორე კი ლევან ბეჟაშვილმა, რის შემდეგაც შეხვედრა დებატების რეჟიმში გადავიდა.

"ამ დროისთვის იყო ორი გამომსვლელი, ერთი გიგა ბოკერია და მეორე მე. ჩვენი მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩემი მოსაზრებაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გვაქვს შანსი განვითარების. გიგას აქვს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე შეგვიძლია უფრო კარგი შედეგებიც კი გვქონდეს, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების და მხარდამჭერების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის დარჩენას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ პოლიტსაბჭოში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ განსხვავებული პოზიცია.

მიუხედავად ამისა, წიკლაური არ ფიქრობს, რომ ვითარება იმდენად დრამატული იყოს, რომ ვინმეს მოუწიოს პარტიიდან წასვლა. თუმცა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტსაბჭო არ დაეთანხმება მასშტაბური ყრილობის ჩატარებას, მეორე ნაწილი, რომელიც მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერთა 80% წარმოადგენს, ყრილობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამასთან, წიკლაური ხაზს უსვამს, რომ აქამდე 4 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობიდან" დისტანცირების იდეის ფლაგმანი იყო ბიძინა ივანიშვილი და ძალიან ცუდი იქნება, თუ ახლა უკვე პარტიის წევრები დააყენებენ საკითხს, ისევე, როგორც აქამდე ბიძინა ივანიშვილი აყენებდა.