მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას, მრავალრიცხოვანი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებით ეხმაურება და პარტიის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. სააკაშვილი განცხადებას "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი - მრავალათასიანი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის პარტიისთვის შესაფერისი ყრილობის სასარგებლოდ.

ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმრავლესობა ემხრობა ჩართულობის, ერთიანობისა და განახლების იდეას.

ეს იდეა უალტერნატივოა მომავალსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზებული ძალაა ევროატრალნტიკური კურსის დასაცავად.

ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.

ამ არჩევანს დღეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა.

დღეს ჩვენმა პარტიამ აჩვენა სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რაც უტყუარი წინაპირობაა ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზაზე გამარჯვების მიღწევისა და არსებული ანომალიური ვითარების დასრულებისთვის.

ის წესი, რომელიც პარტიის მმართველმა ორგანომ აირჩია, უზრუნველყოფს ყველანაირი, მათ შორის, განსხვავებული მოსაზრებების არსებობას, მათზე საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და დემოკრატიული გზით, აზრთა შორის ოპტიმალურის გამოვლენას.

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მაღალი ნდობა გამომიცხადა და არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება .

ერთად გავიმარჯვებთ!

ძალა ერთობაშია!", - ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დაგეგმილი ყრილობის დელეგატების რაოდენობა იყო. პარტიის ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება. ცნობილია, რომ მრავალრიცხოვანი ყრილობის ჩატარება მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."